როდის ხდება ეკლესიური ქორწინების შეწყვეტა, რამდენჯერ შეუძლია ადამიანს ჯვრის დაწერა ეკლესიაში და როგორ უნდა შექმნან ადამიანებმა მეორედ ოჯახი, ამის შესახებ ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარ, მამა გიორგი (თევდორაშვილი) ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს.
„დღეს ერთად ხდება დაწინდვა, დანიშვნა და ჯვრისწერა. ადრე ეს ცალ-ცალკე ხდებოდა: ჯერ დაიწინდებოდნენ წყვილები და რამდენიმე თვის ან წლის შემდეგ ხდებოდა მათი შეუღლება. ანუ, ეს იყო გამოსაცდელი, გასაცნობი პერიოდი, რათა წყვილებს კარგად გაეცნოთ ერთმანეთი. თუ დარწმუნდებოდნენ, რომ ერთად ჰარმონიულად გაატარებდნენ დარჩენილ ცხოვრებას, მაშინ ხდებოდა მათი ჯვრისწერა. მაგრამ, თუ წყვილები ვერ დარწმუნდებოდნენ, რომ შეეძლოთ, ჰარმონიულად ეცხოვრათ, მაშინ შეიძლებოდა ბეჭდების დაბრუნება და ჯვრისწერაზე უარის თქმა.
ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ხდება კანონიერ ქორწინებაში მყოფი პიროვნებების კავშირის შეწყვეტა, არის ერთი მხარის მიერ სარეცელის შეურაცხყოფა, ანუ მრუშობა. ხშირად ადამიანები ერთმანეთისგან ვერ ასხვავებენ მრუშობასა და სიძვას. ამიტომ, გეტყვით, რომ მრუშობა არის კავშირი დაქორწინებული მამაკაცისა სხვა დედაკაცთან. ხოლო სიძვა – გაუთხოვარი ქალისა და დაუქორწინებელი მამაკაცის ინტიმური კავშირი და ორივე მძიმე ცოდვად ითვლება.
მინდა, ყველას შევახსენო, რომ „ჯვრის აყრა“ – ასეთი ცნება ეკლესიას არ აქვს. უბრალოდ, როდესაც ცოლ-ქმარს სურს განქორწინება, ისინი მიდიან მღვდელმთავართან, რომელიც ორივე მათგანს ეკითხება დაშორების მიზეზს და თავის ქადაგებითა და რჩევით, ცდილობს მათ შერიგებას. მაგრამ, თუ ორივე მხარეს სურს დაშორება და ამის მიზეზიც აქვთ, მაშინ ქორეპისკოპოსი მათ ჯვარს კი არ აყრის, არამედ აძლევს კურთხევას, ნებართვას, რომ შექმნან მეორე ოჯახი. არის შემთხვევები, როდესაც ერთ-ერთი მხარე არ ემორჩილება მღვდელმთავრის კურთხევას, ამ დროს სამგზის გაფრთხილების შემდეგაც თუ არ მოისმენს ურჩი მხარე ეპისკოპოსის შეგონებას, მის დაუსწრებლად ხდება ქორწინების შეწყვეტა. იმასაც გეტყვით, რომ გაყრის საბაბი უნდა იყოს აუცილებლად მნიშვნელოვანი და არა, ჩვეულებრივი უთანხმოება მეუღლეებს შორის.
როგორც ეკლესიურმა გამოცდილებამ აჩვენა, არსებობს სამი სახის ქორწინება. პირველი ხდება მართლმორწმუნე ქრისტიანებს შორის და მოძღვრის კურთხევით, ერთი ადამიანი ქორწინების საიდუმლოთი უკავშირდება მეორეს. მეორედ ქორწინება ხდება მაშინ, როდესაც რომელიმე მხარე დაქვრივდება. მღვდელი აკურთხებს წყვილს, რომ შექმნან ქრისტიანული ოჯახი, თუმცა ქორწინების რიტუალი სრულდება გვირგვინების გარეშე, რომელიც სიმბოლოა გამარჯვებისა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ასეთი ჯვრისწერა უფლის თვალში სათნოდ არის მიჩნეული. რაც შეეხება მესამე ქორწინებას, როგორც წმიდა მამები ამბობენ, ის სიძვაზე ოდნავ უკეთესია, ანუ ღმერთმა ეს ქორწინება გარყვნილებისგან თავის შეკავების მიზნით დაუშვა. ანუ, ადამიანმა უფრო მეტი ცოდვა რომ არ ჩაიდინოს, ეკლესია ამისთვის გარკვეულ შეღავათს აკეთებს – ამის უფლება აქვს ეკლესიას, მაგრამ, მაინც ნუ მივალთ აქამდე.“- აცხადებს მამა გიორგი (თევდორაშვილი)
მასალის გამოყენების პირობები






