ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, მთავრობა და ეროვნული ბანკი ერთობლივად ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საგარეო მოვლენების ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკაზე და ვალუტის კურსზე რაც შეიძლება მინიმალური იყოს.
„მონეტარული პოლიტიკა და ინფლაციის კონტროლი არის ეროვნული ბანკის ექსკლუზიური სფერო. რაც შეეხება საბიუჯეტო მხარეს, იანვარში გეგმა შესრულებულია მცირეოდენი გადაჭარბებითაც კი. მთავრობა და ეროვნული ბანკი ერთობლივად ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საგარეო მოვლენების ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკაზე და ვალუტის კურსზე იყოს რაც შეიძლება მინიმალური. რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის პროგნოზს, ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ და, ფაქტობრივად, ონლაინ რეჟიმში ვუყურებთ ყველა პარამეტრს. როგორც კი ამის საჭიროება იქნება, რა თქმა უნდა, შეთანხმებულად მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას. დღესდღეობით რაიმე ზუსტი პროგნოზის გაკეთება ნაადრევია. ერთი უნდა ითქვას, რომ ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი მთავრობისა და ეროვნული ბანკის მხრიდან არის მკაცრი და კოორდინირებული კონტროლის ქვეშ‘’- განაცხადა კიევში ვიზიტად მყოფმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
გიორგი ქადაგიძის თქმით, ლარის გამყარების მიზნით ეროვნული ბანკი მომავალი კვირიდან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას იწყებს.
მასალის გამოყენების პირობები






