„რუსთავის წყალმა“, მაგისტრალური ქსელების რეაბილიტაციის პროექტის წლევანდელი გეგმის ფარგლებში, 700 მმ-იან მაგისტრალურ წყალდენზე, მწყობრიდან გამოსული 110 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით შეცვალა. პარალელურად, კომპანიამ მოაწყო ახალი საკვანძო ჭები და დაამონტაჟა ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები.
„რუსთავის წყლის“ გენერალური დირექტორის - გიორგი ცხადაძის განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაოები, იმის გათვალისწინებით, რომ მაგისტრალური წყალსადენი ბაქო-თბილისის რკინიგზის მაგისტრალურ ხაზს კვეთს, რთულად განსახორციელებელი იყო და მაღალტექნოლოგიურ საინჟინრო გათვლებსა და შესაბამისი სპეცტექნიკით უზრუნველყოფას მოითხოვდა. გიორგი ცხადაძის თქმით, კომპანიამ სამუშაოები ისე წარმართა, რომ სარკინიგზო მოძრაობა არ შეფერხებულა, რადგან სარკინიგზო ხაზის გადაკვეთა გაბურღვის მეთოდით მოხდა, ამასთან, მილსადენის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მაგისტრალის გარსაცმად 1200 მმ-იანი ფოლადის მილი იქნა გამოყენებული.
აღნიშნული 700 მმ-იანი მაგისტრალი, ჩათმის რეზერვუარს კვებავს და სასმელი წყლით ქალაქის მარჯვენა სანაპიროს, ე.წ. ახალი რუსთავს ამარაგებს. ავარიული დაზიანებები, რომელსაც მაგისტრალურ მილზე პერიოდულად ჰქონდა ადგილი, მარჯვენა სანაპიროს მოსახლეობის წყალმომარაგებაში შეფერხებას იწვევდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, მაგისტრალურ ქსელზე ავარიული დაზიანებები მკვეთრად შემცირდება, რაც „რუსთავის წყალს“ მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგების საშუალებას მისცემს.
მასალის გამოყენების პირობები






