საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის დავით ცინარიძის მეუღლე მანანა ბოლოთაშვილი ბოლო დღეების განმავლობაში ეკა ყუშიტაშვილის ირგვლივ განვითარებულ სკანდალთან დაკავშირებით, სადაც დავით ცინარიძის გვარმაც გაიჟღერა, პირველ კომენტარს „კვირასთან“ აკეთებს.
მანანა ბოლოთაშვილი ეკა ყუშიტაშვილთან მისი ოჯახის ნათესაურ კავშირს უარყოფს და სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ყუშიტაშვილი მისი დეიდაშვილია. მას ეჭვი იმაშიც ეპარება, რომ ყუშიტაშვილი მის მეუღლეს რეალურად იცნობს.
„გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეკა ყუშიტაშვილს ჩემს ოჯახთან ნათესაური კავშირი აქვს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. რაც შეეხება თვითონ ფაქტს, როცა საქმე კეთდება და დაკისრებულ მოვალეობას ადამიანი კარგად ასრულებს, ეს გარკვეულ ძალებს არ მოსწონთ და ცდილობენ, რაიმე გზებით მისი რეპუტაცია შელახონ. როდესაც ჩემი მეუღლე აღნიშნულ პოსტზე ინიშნებოდა, ეს გაცნობიერებული გვქონდა, მაგრამ ვფიქრობდი, მე და ჩემი შვილები ჩრდილში დავრჩებოდით. გული მწყდება იმ ჩემს „მეგობრებზე“, რომლებმაც ფეისბუქის ჩემი გვერდიდან ოჯახური ფოტოები დაუკითხავად გაავრცელეს, თვეების წინ დაწერილ სტატუსებს კი ინტერპრეტაცია გაუკეთეს. ეჭვი მეპარება, რომ ქალბატონი, რომელმაც ჩემი მეუღლის სახელი ახსენა, მას რეალურად იცნობდეს, თუმცა მეც ყოფილი პოლიციელი ვარ, პოლიციელის ოჯახში გავიზარდე და ვიცი, რას ნიშნავს ეს სტატუსი – ძალოვანი უწყების თანამშრომლებს სხვადასხვა ფენის საზოგადოებასთან ურთიერთობა უწევთ. გამოძიება მინდინარეობს. ვიდეოკადრების ავ-კარგიანობა დადგინდება და ყველა საეჭვო კითხვას პასუხი გაეცემა. ჩემი მეუღლე არ არის იმ კატეგორიის ადამიანი, რომელიც პასუხისმგებლობას აირიდებს თავიდან, ან პრობლემებს გაექცევა. მინდა გითხრათ, რომ ბოლო დროს დაწყებული სპეკულაციები ჩვენი ოჯახის სიმტკიცეს ვერ შეარყევს“,-ამბობს ბოლოთაშვილი.
წყარო: "კვირა"
მასალის გამოყენების პირობები






