„ნაციონალური მოძრაობის“ ცხრაწლიან მმართველობაზე ბიძინა ივანიშვილის მიერ დაანონსებული ფილმი შესაძლოა გოგა ხაინდრავამ გადაიღოს.
როგორც „ნიუპოსტს“ ხაინდრავამ განუცხადა, შეთავაზება ტელეკომპანია GDS-სგან უკვე მიიღო.
„შეთავაზება მივიღე GDS-სგან. როგორც ვიცი, მე ერთადერთი კანიდიდატი არ ვარ, არიან სხვა კანდიდატებიც ვინც შესაძლოა ეს ფილმი გადაიღონ. უდაოდ საინტერესო შემოთავაზებაა. გიჟი უნდა იყო, რომ არ დათანხმდე“, - განაცხადა ხაინდრავამ.
რეჟისორის თქმით, თუ ტელეკომპანია არჩევნას მასზე შეაჩერებს, ფილმი ფასეული, შემოქმედებითი და საინტერესო იქნება.
„თუ იქნება ჩემი პროექტი, მე ვიცი როგორი იქნება ფილმი. ამაზე დიდხანს მაქვს ნაფიქრი. თუმცა სხვა საქმეა როგორ ხედავს ამ ყველაფერს GDS, მაგრამ მოლაპარაკების პერიოდში ეს გაირკვევა. თუ მე ვიქნებოდი რეჟისორი ფილმი იქნება ძალიან კარგი. მოგეხსენებათ თემა, რაზეც ფილმი იქნება აგებული, „მოხარშული“ მაქვს, ჩემში ზის... მე თავად ვარ იმ ამბების მონაწილე. შიგნიდან ვიცოდი რა ხდებოდა, ეს თემა ჩემშია გამჯდარი. არც ცუდი რეჟისორი ვარ. ყველა ჩემმა ფილმმა ეს დაამტკიცა, რომ ფასეული შემოქმედებითი ნამუშევრის შექმნა შემიძლია. ეს ფილმიც იქნება ფასეული, შემოქმედებითი და ძალიან საინტერესო, რა თქმა უნდა, თუ ვიქნები მე რეჟისორი“, - განაცხადა ხაინდრავამ.
ხაინდრავამ ზუსტად არ იცის მის გარდა ვინ მიიღო შეთავაზება. თუმცა ამბობს, რომ ტელეკომპანია რეჟისორებზე არჩევანს მალე გააკეთებს.
„9+1“ - ასე ერქმევა ფილმს, რომელის გადაღებას ბიძინა ივანიშვილი აპირებს. როგორც ივანიშვილმა "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, ფილმი მრავალსერიანი იქნება დაახლობით 200 სერია. მხატვრული ფილმი ბერა ივანიშვილის სატელევიზო არხზე GDS-ზე გავა
მასალის გამოყენების პირობები






