საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ლარის კურსთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე, რომელსაც მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე დაესწრნენ, გაანალიზდა საგარეო ფაქტორების გავლენა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე.
მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა იმსჯელეს იმ ღონისძიებებზე, რომლებიც ლარის გრძელვადიანი სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით უნდა განხორციელდეს.
ორსაათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი ეროვნული ვალუტის კურსზე პასუხისმგებელი უწყებების ხელმძღვანელებმა ჟურნალისტებთან გააკეთეს და მომავალ სამოქმედო გეგმებზე ისაუბრეს.
ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის ირაკლი ქადაგიძის განცხადებით, მთავრობა შექმნილ მდგომარეობას საგანგაშოდ არ აფასებს, ეროვნული ბანკის რეზერვების ხარჯვის მირების გადაწყვეტილება კი ფასების ზრდის საფრთხის მიხედვით მოხდება, თუმცა ქადაგიძე ჯერ-ჯერობით ამის საჭიროებას ვერ ხედავს.
„იმ შემთხვევაში თუ ჩვენ დავინახავთ , რომ ის ინფლაციური მოლოდინი გადაიზარდა, ან არსებობს საფრთხე , რომ გადაიზარდოს მნიშვნელოვან ფასების ზრდაში, ჩვენ გავატარებთ შესაბამის პოლიტიკას და ადეკვატურ რეაგირებას გავაკეთებთ, ადეკვატური რეაგირება იქნება ამ შემთხვევაში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება. აღნიშნულთან დაკავშირებიტ ჩვენ გადაწყვეტილებას მივიღებთ 11 თებერვალს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შეკრების დროს.“- აღნიშნა ქადაგიძემ.
რეზერვების ხარჯვის საჭიროებას ვერ ხედავს ეკონომიკის მინისტრიც. „ეს იყო ძალიან კონსტრუქციული, კარგი და დადებითი შეხვედრა, ჩვენ ვთვლით რომ დღეს არ არის საჭიროება იმის რომ ეროვნულმა ბანკმა რეზერვების ინექცია მოახდინოს“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
როგორც შეხვედრაზე ითქვა მთავრობა ექსპორტის, ტურიზმისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წახალისების მიზნით აქტიურად იმუშავებს.
მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, ქვეყანაში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსი და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
მასალის გამოყენების პირობები






