სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციისთვის 400 ათასი ლარი დაიხარჯება. სარეინტეგრაციო მომსახურებებში იგულისხმება: პირველადი სამედიცინო დახმარება და მედიკამენტებით უზრუნველყოფა; პროფესიული და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების დაფინანსება; ანაზღაურებადი სტაჟირება კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით; მიკრო ბიზნესის დაფინანსება;
50 000 ლარით სამინისტრო დაბრუნებული მიგრანტების დროებით განთავსებასა და მთელი საქართველოს მასშტაბით ლეგალური მიგრაციის შესაძლებლობებისა და არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებული რისკების შესახებ საინფორმაციო კამპანიების წარმოებას დააფინანსებს.
„სამინისტროს მიზანს წარმოადგენს, ევროკავშირის ქვეყნებიდან და სხვა გეოგრაფიული არეალიდან დაბრუნებული ქართველი მიგრანტებისთვის, სოციალური და ეკონომიკური რეინტეგრაციის კუთხით, მხარდაჭერისა და დახმარების ერთიანი მექანიზმის განვითარება. ეს პროცესი შესაძლებელს გახდის დაბრუნებული ქართველი მიგრანტებისთვის სრულყოფილი ინდივიდუალური სარეინტეგრაციო პროგრამების შეთავაზებას.
ამ დრომდე, დაბრუნებული მიგრანტებისათვის გრძელვადიანი რეინტეგრაციის მხარდამჭერი პროექტები ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდებოდა და ეს პროცესი დღესაც გრძელდება.
ევროკავშირის დაფინანსებით, „აღმოსავლეთ პარტნიორობის ინტეგრაციისა და თანამშრომლობის“ პროგრამის „More for More“ ფარგლებში, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) ახორციელებს პროექტს „საქართველოს მთავრობის პოტენციალის გაძლიერება საზღვრისა და მიგრაციის მართვაში“. პროექტის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია საქართველოს მოქალაქეების გრძელვადიანი რეინტეგრაცია. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, „მობილურობის ცენტრი“ ფუნქციონირებს თბილისში, ქუთაისში, თელავსა და ბათუმში. პროექტი 42 თვის განმავლობაში გაგრძელდება. რის შემდგომაც, ცენტრის მმართველობა ეტაპობრივად დევნილთა და განსახლების სამინისტროს გადაეცემა.
„მობილურობის ცენტრი“ რეინტეგრაციის მხარდაჭერას შემდეგი მიმართულებებით ახორციელებს: დაბრუნებაში დახმარება, პირველადი ინფორმირება და დახმარების საჭიროებების განსაზღვრა, დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფა, სამედიცინო დახმარება, დასაქმების მხარდაჭერა, პროფესიული სწავლებისა და მცირე ბიზნესის დაფინანსება.
ერთი წლის მონაცემებით მობილურობის ცენტრმა სარეინტეგრაციო დახმარება 182 ბენეფიციარს გაუწია. ამ ეტაპზე სხვადასხვა რეგიონებში უკვე დაფინანსდა 59 ბიზნეს პროექტი. პროექტების შერჩევას სპეციალურად შემქნილი კომისია, კრიტერიუმების საფუძველზე, ახორციელებს“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები






