თბილისის მერი დავით ნარმანია გლდანის რაიონში მდებარე „დიდი ხევძმარას“ და „სააფთრის ხევის“ სანიაღვრე კოლექტორების სარეაბილიტაციო სამუშაოებს კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსთან ავთანდილ სუდაძესთან ერთად გაეცნო.
კოლექტორებში, რომლის სიგანე 6, სიმაღლე კი 4 მეტრია, ნაზვავი გრუნტის მასები ჩაედინება, რის გამოც მათი გამტარუნარიანობა 90%-ით არის შემცირებული და კიდევ უფრო აზიანებს ნაგებობას.
სარეაბილიტაციო პროექტების ფარგლებში იგეგმება დაზიანებული მონაკვეთის დემონტაჟი, მიწის სამუშაოები, დაზიანებული კოლექტორის მოსაწყობად ჩატარდება მოსამზადებელი სამუშაოები, შემდეგ კი დაიწყება ნაგებობების მშენებლობა. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის მაიში დასრულდება.
"დედაქალაქში ძალიან დიდი პრობლემაა სანიაღვრე სისტემასთან დაკავშირებით, რის გამოც, წვიმის დროს ქალაქის დიდი ნაწილი იტბორება. ამ მიმართულებით გადაუდებელი სამუშაოებისთვის მიმდინარე წლის ბიუჯეტში 4 000 000 ლარზე მეტი გავითვალისწინეთ. მათ შორისაა აღნიშნული ობიექტები. თავის დროზე ამ ადგილზე ძალიან ბევრი სამშენებლო ნარჩენი დაიყარა, რასაც სისტემამ ვერ გაუძლო და ჩაინგრა. ეს არის ერთ–ერთი ყველაზე მძლავრი სისტემა, რომელიც მდინარე მტკვარს უერთდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, სანიაღვრე ქსელი სრულად აღდგება“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.
"დიდი ხევძმარას“ სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 665 898 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს შპს „ პალიტრა“ ახორციელებს.
„სააფთრის ხევის“ სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის გამოყოფილია 1 355 000 ლარი. სამუშაოებს შპს „საბა ქონსთრაქშენი“ აწარმოებს.
მასალის გამოყენების პირობები






