გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვებში, დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით განხორცილებული სამუშაოები დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა, აშშ-ს ელჩმა საქართველოში - რიჩარდ ნორლანდმა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა დალ ტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ დაათვალიერეს. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და USAID-ის მისიის დირექტორი სტეფანჰაიკინი ესწრებოდნენ.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში იძულებით გადაადგილებული პირებისათვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში დევნილთა 5 კოტეჯურ დასახლებაში - სკრაში, ახალსოფელში, თელიანში, წილკანსა და ფრეზეთში - გაიწმინდა სანიაღვრე სისტემები და მოეწყო სადრენაჟე არხები. 9 კოტეჯურ დასახლებაში - ბერბუკში, ხურვალეთში, სკრაში, შავშვებში, კარალეთში, ახალსოფელში, მოხისში, მეტეხსა და წიკლანში განხორციელდა წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია, მოეწყო დამატებითი სატუმბი სადგურები და მოხდა არსებული სატუმბის რეაბილიტაცია. ასევე, განხორციელდა 5 კოტეჯური დასახლების (თელიანი, ახალსოფელი, მოხისი, ხურვალეთი და სკრა) გაზიფიცირება. აღნიშნულ დასახლებებში მდებარე კოტეჯები კი კეთილმოწყობილი საპირფარეშოებით და აბაზანებით აღიჭურვა. განხორციელებული სამუშაოების შედეგად, საყოფაცხოვრებო პირობები დევნილთა კოტეჯური ტიპის კომპაქტურ დასახლებებში მცხოვრებ 3 446 ოჯახს (10 338 პირს) გაუუმჯობესდა. სამუშაოების საერთო ღირებულებამ 22.976.000 ლარი შეადგინა.
მასალის გამოყენების პირობები






