„საკუთარ სამშობლოში ერისკაცს რომ სახლიდან გააგდებენ, ამას რა ჰქვია, ხალხო!!! რაზე უნდა ვილაპარაკოთ საერთოდ!!! ვაი, სირცხვილო!!! არაფერი ჩვენ აღარ გვეშველება“ - ეს კომენტარი ლევან ღვინჯილიას მიერ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებას მოჰყვა.
ლევან ღვინჯილია: „ამ დღეს ველოდი, მოვესწარ“
- ამ ბინაში გავატარეთ მე და ჩემმა ოჯახმა ბოლო 19 წელი.
- წუხანდელი ღამეც აქ გავათენეთ, მაგრამ ამჯერად უკვე - სხვის ბინაში.
- დიახ! გუშინდლიდან შევჩენკოს 12-ში მედებარე ეს ხუთოთახიანი ბინა ჩვენი აღარაა: იგი ჩემი ოჯახის საბანკო და სხვა ვალების ერთმა ნაწილმა მშვიდად და უხმაუროდ შეიწირა.
- აი, ასე "წვერდამშვენებული" ვაცილებ ჩემს 65-ე ზამთარს და 165.000 $-%-იანი ვალით ვეგებები 66-ეს!
- მინდა ვისარგებლო შემთხვევით და "უღრმესი მადლობა" მოვახსენო, ჩემდამი გამოჩენილი "გულისხმიერებისათვის", "პროკრედიტბანკსა და "ქართუს" ყოფილ პრეზიდენტს, ბატონ ნოდარ ჯავახიშვილს, ვისი "პრინციპულობის" წყალობით იძულებული გავხდი სხვა ბანკიდან ამეღო კბალური (წლიურ 36%-იანი) სესხი და... ცხადია დეტალებს აქ აღარ ჩავუღრმავდები.
- იმედია, აწი მაინც არ მკითხავთ, რით ვარსებობდით ბოლო 11 წლის განმავლობაში, როცა ოჯახის არც ერთი წევრი არ იყო დასაქმებული....
-კარგად მესმის, რომ სამშობლოზე გაბრაზება ყოვლად დაუშვებელია, მაგრამ არც იმის შეგრძნებაა ადვილად ასატანი, რომ შენს ქვეყანას არაფერში არ სჭირდები.
-ხელისუფლებაზე ხომ ლაპარაკიც კი არ ღირს : "მე ვიყო კარგად და შენ, თუ გინდა, კისერი გიტეხია" - აი, მისი პრინციპი.
- ნუგეშად კი ჯერჯერობით მხოლოდ ის მრჩება, რომ, ახალი მეპატრონის კეთილი ნებით, შეგვიძლია აქ დავრჩეთ გაზაფხულამდე.
- მერე?
-მერე რა იქნება? - ეს ჯერ არ ვიცით!!!
- "საქართველოო, ლამაზო! სხვა საქართველო სად არი?"...


მასალის გამოყენების პირობები






