„ერთმა სტუდენტურმა ამბავმა შემძრა და ცხელ გულზე გწერთ თხოვნით“ - ასე იწყება თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის სტატუსი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე. რეზო კიკნაძე კაფეს, ბარისა და გალერეის მეპატრიონეებსა და მათ მეგობრებს მიმართავს.
რეზო კიკნაძე: „ხომ არ გეგულებათ ისეთი სამუშაო სიტუაცია (ბარში ან კაფეში მიმტანი ან მსგავსი), რომ ერთმა ჩვენმა ძალიან კარგმა სტუდენტმა კვირაში რამდენიმე ღამე ( !! საღამოს ათიდან დილის ათამდე !!!) არ ათიოს და ამ არაადამიანურ დატვირთვაში თვიურად მხოლოდ 250 ლარი არ ჰქონდეს გამომუშავება?
იქნებ გაიკითხოთ და რამე მირჩიოთ, თორემ :
სხვაფრივ სრულიად ჩვეულებრივი და მისაღები რამ (სტუდენტი დღეში ორიოდე საათს მუშაობს მიმტანად კაფეში, რომ ცოტა ჯიბის ფული გამოიმუშავოს), აქ, ამ ჩვენს "მადლიან" ქვეყანაში, ისეთ არაადამიანურ სოციალურ სკანდალად გადაგვარდება ხოლმე - თმები ყალყზე დაგიდგება კაცს: ყოველკვირეულად 3-4-ჯერ 12-საათიანი ღამისთევა და თვეში 250 (უკეთეს შემთხვევაში 300) ლარის აღება გასამრჯელოდ, აქედან 200 ლარის ბინის ქირაში ხარჯვა და, შიმშილის და გაჭირვების ფონზე მეცადინეობა და მაინც საუკეთესოთა რიგში ყოფნა - პათეტიურად ჟღერს, მაგრამ ამის უკან რამხელა აღმაშფოთებელი უსამართლობა იმალება - დამეთანხმებით ალბათ..
ამიტომ - კაფეების და რესტორნების პატრონებო, ან კონსერვატორიის სხვაფრივ მეგობრებო, იმის მცოდნენო, რომ კონსერვატორია თვითონ ვერ იტვირთავს ამგვარ სოციალურ დახმარებას - დამეხმაროთ იქნებ, ან უფრო ადამიანური სამუშაოს შოვნაში, ან, სულაც იმგვარი დახმარებით, სამუდამოდ მადლობელი რომ იქნება ეს სტუდენტი, თქვენი დახმარებით რომ მიიღებს განათლებას... ასეთები არიან, თავისი ქვეყნის საამაყო შვილები რომ ხდებიან მერე...
მადლობა წინასწარ
მასალის გამოყენების პირობები






