საპატრიარქოში ჯერჯერობით არ აქვთ ზუსტი პასუხი უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ თხოვნაზე. როგორც „ნიუპოსტს“ პატრიარქის მდივანმა მამა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა, ამ დროისთვის მათ "ლეგიონის" თხოვნა არ მიუღიათ, თუმცა განმარტავს, რომ სუხიაშვილის ქაშვეთის ეკლესიაში დასვენება „წესით პრობლემა არ უნდა იყოს“.
„ამ დროისთვის საპატრიარქოში არ ვიმყოფები, ამიტომ ზუსტ პასუხს ვერ მოგახსენებთ. თუმცა წესით გარდაცვლილი თამაზ სუხიაშვილის ქაშვეთის ეკლესიაში დასვენება პრობლემა არ უნდა იყოს“, - განაცხადა მამა მიქაელ ბოტკოველმა.
უკრაინაში მებრძოლი "ქართული ლეგიონი" პატრიარქს აღმოსავლეთ უკრაინაში დაღუპული მეომრის, თამაზ სუხიაშვილის ცხედრის საქართველოში გადმოსვენებისთანავე ქაშვეთის ეკლესიაში დასვენების თხოვნით მიმართავს.
"საპატრიარქოს ვთხოვეთ ნებართვა, თამაზ სუხიაშვილი ჩამოსვენებისთანავე ქაშვეთის ტაძარში დავასვენოთ, როგორც სამშობლოსთვის დაღუპულ ვაჟკაცს შეეფერება. მე მჯერა, პატრიარქი კურთხევას მოგვცემს", - წერს სოციალურ ქსელში "ქართული ლეგიონის" მეთაური მამუკა მამულაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






