სამების საკათედრო ტაძრიდან არქიმანდრიტ ილია კარტოზიას ცხედარი გამოასვენეს. სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს, რომელიც პატრაირქმა გადაიხადა, სასულიერო პირები და ამერიკის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი ესწრებოდნენ. ნორლანდმა გარდაცვლილის დედას და ჭირისუფლებს მიუსამძიმრა.
პანაშვიდის დასრულების შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქმა ბრძანა, რომ მამა ილია კარტოზია შეწირულია და მშობლებმა ასეთი შვილით უნდა იამაყონ.
მამა ილია კარტოზიას ცხედარს წირვის შემდეგ სამების საკათედრო ტაძრიდან სვეტიცხოველში გადაასვენებენ, ხვალ კი - წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარში, რომლის წინამძღვარიც თავად იყო. მამა ილია კარტოზიას სამშაბათს ამავე ტაძრის ეზოში დაკრძალავენ.
არქიმანდრიტი საქართველოში გუშინ ჩამოსვენეს. ცხედარი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სამების საკათედრო ტაძარში მიასვენეს. ადრიატიკის ზღვაში ბორან "ნორმან ატლანტიკზე" 28 დეკემბერს ხანძარი გაჩნდა. გემზე 500-მდე ადამიანი იმყოფებოდა. მათ შორის იყო საქართველოს რვა მოქალაქე. მამა ილიას გარდა ყველა მათგანი ცოცხალია და უვნებელი გადარჩა. მამა ილია კარტოზია მცხეთის მამათა მონასტრის წინამძღვარი იყო.
მასალის გამოყენების პირობები






