ბიზნესმენი ლევან ვასაძე "კვირის პალიტრასთან" საუბრისას აცხადებს, რომ ტერორიზმი ამაზრზენი და მიუღებელია, თუმცა მისთვის ასევე მიუღებელია ჟურნალ „შარლი ებდოს“ სარედაქციო პოლიტიკა.
„ბუნებრივია, ნებისმიერი სახის ტერორიზმი მიუღებელი და ამაზრზენია. მას გამართლება არ აქვს, თუმცა ჩემთვის ჟურნალი „შარლი ებდო“ და მისი სარედაქციო პოლიტიკაც მიუღებელია, რადგან ის რელიგიის შეურაცხყოფისა და მოწმუნეთა რელიგიური გრძნობების ჩაგვრისკენაა მიმართული. ამიტომ მე ვგმობ ტერორიზმს, მაგრამ არ ვარ „შარლი“, - განაცხადა ლევან ვასაძემ.
მისივე თქმით, ჟურნალი „შარლი ებდო“ თავისსავე დეკლარირებულ სტანდარტს - „ფიქრის თავისუფლებას“ არღვევს. ვასაძეს კონკრეტული მაგალითიც მოჰყავს:
„2008 წლის ივლისში ამ ჟურნალიდან კარიკატურისტი მორის სინე გაათავისუფლეს. მან ნიკოლა სარკოზის ვაჟისა და მისი საცოლის დაგეგმილ ქორწინებაზე კარიკატურა დახატა. სარკოზიმ ჟურნალის მთავარ რედაქტორს ფილიპ ვალს მორის სინეს სამსახურიდან გათავისუფლება მოსთხოვა. სარკოზის ვაჟის საცოლე იუდეველი იყო და კარიკატურისტს ანტისემიტიზმი დააბრალეს. მოკლედ, კარიკატურისტი დაითხოვეს, ფილიპ ვალი კი, რომელმაც სარკოზის ანტიდემოკრატიული და ანტილიბერალური დაკვეთა შეასრულა, რამდენიმე თვეში საფრანგეთის ერთ-ერთ უდიდეს სახელმწიფო რადიო „ფრანს ინტერში“ გენერალურ დირექტორად დაინიშნა. საინტერესოა, ასეთ შემთხვევაში სად იწყება და სად მთავრდება ლიბერალებისთვის თავისუფლების გამოხატვის ხელშეუხებლობა?“- აღნიშნავს ვასაძე.
ასევე, ბიზნესმენ ლევან ვასაძეს განხორციელებულ ტერორისტულ აქტთან რამდენიმე კითხვა აქვს.
„რატომ იყო პარიზის ქუჩები იმ დილით ცარიელი, როცა ჩვეულებისამებრ საცობებითაა გადაჭედილი? თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე შსს-მ რატომ მოუხსნა ძირითადი დაცვა რედაქციას? რატომ იყვნენ ტერორისტები იმდენად მიამიტები, რომ მანქანაში თავისი აიდი ბარათი დატოვეს, რომლის მიხედვითაც მოხერხდა მათი „ალ ქაიდასთან“ იდენტიფიცირება? ხომ არ ჰგავს ეს იმ შემთხვევას, როდესაც 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ამერიკის ძალოვნებმა განაცხადეს, რომ თვითმფრინავში მჯდომი ერთ-ერთი ტერორისტის აიდი ბარათი არ დაიწვა იმ ინფერნოში და შეძლეს მისი სახელის ამოკითხვა, რამაც საშუალება მისცათ ტერორისტების „ალ ქაიდასთან“ იდენტიფიცირებისა? ავტომანქანა, რომელიც ჩანს პარიზის მე-11 დისტრიქში განლაგებულ ჟურნალის რედაქციასთან (ოფიციალური ვერსიით, ამ ავტომობილით დატოვეს ტერორისტებმა ტრაგედიის ადგილი), 11 წუთის შემდეგ იპოვეს პარიზის მე-19 დისტრიქში. როგორც პარიზელებმა მითხრეს, ფიზიკურად შეუძლებელია, დღის ამ მონაკვეთში ტერაქტის ადგილიდან 11 წუთში იმ უბანში მისვლა, სადაც ავტომობილი იპოვეს. ტერაქტში ბრალდებულ ძმებს თავიდან მისამართი აერიათ - ჯერ იმ ქუჩის 8 ნომერში მივიდნენ და იკითხეს, ეს „შარლი ებდოს“ რედაქციააო? არა, 10 ნომერშიაო, უპასუხეს. როგორ წარმოგიდგენიათ, ტერორისტებს, რომლებიც ტერაქტს გეგმავენ, წინასწარ არ აქვთ ინფორმაცია და ადგილზე იწყებენ მისამართის გარკვევას? „, - აცხადებს ლევან ვასაძე.
მასალის გამოყენების პირობები






