თბილისში ცხოვრობს. მისი თავშესაფარი ქუჩაა. ციხიდან ამნისტიით გამოუშვეს, უბანში კარგი სახელი აქვს და ყველა ჭკვიან კაცად თვლის, მაგრამ არავინ არაფერს ეკითხება. ბავშვებს მისი ეშინიათ. სინამდვილეში საშიში კი არა, თემურაა. სხვისას არაფერს ითხოვს, თავის საკუთრებას იცავს, რომელსაც სიცოცხლე ჰქვია. დღისით სხვების საქმეში იქექება, ღამით ნაგვის ურნაში. თემურა მშიერია. სოციალურად დაუცველის სტატუსი რამდენიმე თვის წინ მოუხსნეს, თემურას მანქანა არა ჰყავს, მაგრამ ბენზინის ლარით გაიაფებას მაინც ელოდება.
თემურამ იცის, რომ საყდრისი კულტურული ძეგლია. თემურას უკან დიდი და მოუვლელი, ნაცრისფერი კორპუსები დგას, საყდრისის უკან უძველესი ისტორია, რომელიც ვიღაცის ინტერესებს ეწირება. თემურა პოლიტიკურ გადაცემებს არ უყურებს, უკეთესი მომავლის იმედი ბავშვობაში აფხაზეთთან ერთად დაკარგა. 19 წლის იყო, როცა სოხუმში ავტომატგადაკიდებული დარბოდა, მერე რუსთაველზეც მოუწია ავტომატით სირბილი. დრო იყო ეგეთი. თემურა არავის მხარეს არ ყოფილა, ის ყოველთვის სამშობლოს მხარეს დგას. მისი თანამებრძოლები ორ კატეგორიად იყოფიან, ცოცხლები და მკვდრები.

ცოცხლები მკვდრებივით არიან, ცუდ პირობებში ცხოვრობენ და შიათ. მკვდრებს კი დიდების მემორიალი გაუხსნეს, მათ სახელებსა და გვარებს წელიწადში ერთხელ ჩინოვნიკები პატივს მიაგებენ და დიდი ყვავილებით ამკობენ ტელეკამერების წინ. თემურამ დააგვიანა. ომში ორჯერ დაიჭრა, მაგრამ ორივეჯერ გადარჩა. ბავშვობაში მსახიობობაზე ოცნებობდა. ახლა მის ნაცვლად სხვები ოცნებობენ, ის კი დგას შუა ქუჩაში და ყველას გვაკვირდება, თავის ნამდვილ სახეს არ აჩენს, ასე უფრო გადარჩება.
მისი გარდასახვა უცნაური იყო. ერთ საღამოს გმირთა მოედანზე უგონოდ მთვრალს დაეძინა. სიზმარში აღდგომა ნახა. როცა გამოეღვიძა ბეწვი ამოსვლოდა. მზეს თვალებდაჭყეტილმა შეხედა და გზა გააგრძელა. ბევრი არ უფიქრია, ქუჩა გადაჭრა და ნაგვის ურნას მიაჭრა, ნარჩენები იპოვა, უცებ ზურგში აუტანელი ტკივილი იგრძნო.
,,მოშორდი აქედან’,’ - დაუყვირა ვიღაცამ. თავზე მოხუცი კაცი წამოსდგომოდა, გრძელი პალტო ეცვა და გულის ჯიბესთან, ძველი მედლები ჩამოეკიდებინა. ცალ ხელში ცელოფნის პარკი ეჭირა, მეორეში - ჯოხი.
თემურა უცნობს სწრაფად გაეცალა და გზა განაგრძო. სასტუმრო ,,რედისონი’’ უფრო დიდი და განიერი მოეჩვენა. მისი სილურჯე ცის სილურჯეს უერთდებოდა. ვერ მიხვდებოდი, სად მთავრდებოდა სასტუმრო და იწყებოდა ცა.
რუსთაველზე ტანკები დაინახა. ოღონდ ეს სხვანაირი ტანკები იყო. თემურას სტუდენტობის დროს ტანკები ისვროდნენ. ადამიანებიც ისვროდნენ, მის თვალწინ კი ჯარისკაცები და ტანკები გეომეტრიული სიზუსტით მიემართებოდნენ - მშვიდად, უსისხლოდ და აუღელვებლად. მიემართებოდნენ თავისუფლებაზე, სადაც ქვეყნის მთავარსარდალი სიტყვით უნდა გამოსულიყო.
„გილოცავ დამოუკიდებლობის დღეს“, - გაისმა სადღაც.
თემურასთვის კი არავის ეცალა, იმ დღეს მას ღმერთიც ემალებოდა.
დააკვირდით თემურას თვალებს, ასე ზუსტად არაფერი ასახავს ჩვენს მდგომარეობას, თემურას თვალებზე არცერთ რელიგიას არ აქვს პასუხი, ის ჭეშმარიტი მოცემულობაა.
გავავრცელოთ ეს ფოტო, ბილბორდებზე, სასწავლო დაწესებულებებზე, ტაძრებთან შესასვლელში.
ნეტა ვინმემ მოწყალება გაიღოს და ,,NEW YORK TIMES’’-შიც გაგზავნოს დასაბეჭდად. ბოლოსდაბოლოს ჩვენს ქვეყანაში, ადამიანებს ერთმანეთზე მეტად, ცხოველები უყვართ, იქნებ სხვაგანაც ასეა.
წყარო: http://blogs.liberali.ge/
მასალის გამოყენების პირობები






