ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის უფროსის ინფორმაციით, 2014 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი გადაჭარბებით შესრულდა.
ცოტნე ყავლაშვილმა გასული წლის ბიუჯეტის ანგარიში მედიას წარუდგინა. მისი ინფორმაციით, აღნიშნულ ანგარიშს პარლამენტს 20 იანვარს წარუდგენს.
"2014 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 20 მლნ ლარით გადაჭარბდა და 9 მილიარდ 125 მილიონი ლარი შეადგინა. მათ შორის, არადეფიციტური შემოსავლები, როგორიც არის საგადასახადო შემოსავლები, გრანტები და სხვა - გადაჭარბდა 83 მლნ ლარით და შეადგინა 7 მილიარდ 474 მილიონი ლარი, რამაც საშუალება მოგვცა 66 მლნ ლარით ნაკლები ვალი აგვეღო ვიდრე იყო დაგეგმილი", - განაცხადა ცოტნე ყავლაშვილმა.
მისი ინფორმაციით, ასევე გადაჭარბებით შესრულდა საგადასახადო შემოსავლები. გადაჭარბებამ 27 მილიონი ლარი შეადგინა.
„სულ საგადასახადო შემოსავლებმა 6 მილიარდ 847 მილიონი ლარი შეადგინა. ბოლო ორ დღეში საგადასახადო შემოსავლებიდან დამატებით 82 მლნ ლარი გადასახადების დაბრუნების ქვეანგარიშზე მიიმართა“, - განაცხადა ყავლაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






