იმპროვიზებული და ნაკლებად პომპეზური კალანდობის რიტუალის თეატრალიზებას ყოველ წელს სხვა და სხვა მიზანი ჰქონდა - ან ტურიზმის პოპულარიზაციაზე ზრუნვა, ან საპატიო სტუმრებისათვის - მნიშვნელოვანი ტრადიციების გაცნობა, რეგიონთან მათ დაახლოებაში ხელშეწყობისა და მოზიდვის მიზნით.
გასული წლებისგან განსხვავებით, წელს გურული კალანდობის მთელი სცენარი, ოზურგეთის დრამატული თეატრის მსახიობების გარეშე, იყო ინსცენირებული, რომელიც გამგეობის კულტურის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.
სოფელ დვაბზუში, შალვა რადიანის სახლ-მუზეუმში, კალანდობის დღესასწაულზე ყველაფერი დაიწყო ისე, როგორც ეს გურიაში, კალანდობასთან, ძველ გურულ ტრადიციებთანაა დაკავშირებული - გურულები თავდაპირველად ეზოში ჩიჩილაკების მზადების პროცესს შეუდგნენ...
ეზოში დადგმულ არყის სახდელთან მიპატიჟებული სტუმრები, სადღეგრძელოები, ჭურზე „თავის ახდა“, წითელი ღვინის დაგემოვნება, შუა ცეცხლთან ახალგამომცხვარი ღვეზელები, სხვენზე შესაბოლად გამოკიდული კუპატები, ღორის ბეჭი და „აგუნას“ გადაძახილი... მერე, ხის გობზე დალაგებული ხილით, ჩურჩხელებით, მოხარშული დედლებითა და საკალანდოდ დაკლული ღორის თავით, ჩიჩილაკებით მორთულ ოდაში, დიასახლისის მიპატიჟებითა და ოჯახის უფროსის თანხლებით შებრძანებული მეკვლე. ტრადიციული თოფის გასროლა და მრავალჟამიერი. ფოლკლორი და ქორეოგრაფია.
თეა იოსელიანი - გურია








მასალის გამოყენების პირობები






