საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ერთობლივი პროექტის, დიასპორული ქსელის www.tanamemamule.ge და ციფრული ბიბლიოთეკის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შალვა კიკნაველიძე, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ზაალ სარაჯიშვილი და ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე.
საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, შალვა კიკნაველიძემ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პროცესში ჩართულ მხარეებს მადლობა გადაუხადა.
„საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და ძვირფასია. დიასპორების მიმართ ახალი სტრატეგიის და ზოგადად ხელისუფლების მთავარი ამოცანა ამ ადამიანების ხელშეწყობა, მათთან მჭიდრო კომუნიკაციის დამყარება და მათი პოტენციალის განვითარებაზე ზრუნვაა. ეს პროექტი ქართული დიასპორის თითოული წარმომადგენლისადმი ჩვენი პატივისცემისა და მხარდაჭრის დასტურად კიდევ ერთი გზავნილია. ასეთი პროექტები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, მანძილი ქართულ დიასპორასა და საქართველოს შორის მცირდება. აუცილებელია ჩვენს თანამემამულეებს ჰქონდეთ განცდა, რომ საქართველო, თუნდაც ვირტუალურად, მაგრამ მაინც მათთან ძალიან ახლოსაა.“ - განაცხადა კიკნაველიძემ და დასძინა, რომ უახლოეს პერიოდში დაგეგმილია დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა, რომელზეც დიასპორებთან მიმართებაში უფრო ვრცელი და სიღრმისეული ინიციატივები გაჟღერდება.
მასალის გამოყენების პირობები






