ხანძრის შედეგად, თითქმის განადგურებულია ე.წ. აზარიანცის სახლის შუა სადარბაზო. შენობის გზისპირა, რუსთაველის გამზირის მიმდებარედ განთავსებული კომერციული მაღაზიები მუშაობას აგრძელებენ, თუმცა თვითმხილველთა თქმით, ხანძრის კერის მიმდებარე ტერიტორიაზე კვამლის სუნი კვლავ მძაფრად იგრძნობა.
ხანძრის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე, ბევრმა ადამიანმა გამოთქვა მოსაზრება იდენტობას წინააღმდეგ გაჩაღებულ ტერორის კამპანიასა და ხანძარს შორის შესაძლო კავშირის შესახებ. ამ მოსაზრების საპასუხოდ, იდენტობაში აცხადებენ, რომ დაელოდებიან გამოძიების შედეგებს და კომენტარს მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთებენ. ანა რეხვიაშვილი, ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, უკანასკნელ დღეებში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს და ყურადღებას ორგანიზაციის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ამახვილებს. ამის მიუხედავად, მისი თქმით, ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანი ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენა და ამავე დროს, ორგანიზაციის თანამშრომელთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.
ორგანიზაციის თანამშრომლისა და მისი ყოფილი ხელმძღვანელის, ირაკლი ვაჭარაძის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისი ხანძრის შედეგად დაზიანებული არ არის.
იდენტობას იურისტის, ინგა არახამიას თქმით, ხანძართან დაკავშირებით მას 13 იანვრის დილის 04:00 საათზევე ჰქონდა პირველი კომუნიკაცია გამომძიებელთან, რომელიც იდენტობის მიმართ მუქარის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეს აწარმოებს. არახამიას ცნობით, “იმავე [ძველი თბილისის] განყოფილების სხვა გამომძიებელი იძიებს აზარიანცის სახლში გაჩენილი ხანძრის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეს.” იდენტობას იურისტმა ხანძრის გაჩენის მიზეზების დადგენის შედეგების ორგანიზაციის წარმომადგენლებისთვის გაცნობა მოითხოვა, რაც ორგანიზაციას შესაძლებლობას მისცემს, გამორიცხოს ან პირიქით, დაადასტუროს საზოგადოებაში გაჩენილი ვარაუდი – ხომ არ შეიძლება ხანძარი იდენტობის მიმართ მუქარის საქმეს უკავშირდებოდეს და ხომ არ იყო ის განზრახვა გამოწვეული იდენტობის დასაშინებლად. არახამიას ცნობითვე, გამომძიებელმა მას განუმარტა, რომ ხანძრის გამომწვევი მიზეზებისა და ხანძრის კერის დადგენის მიზნით ექსპერტიზა უკვე დანიშნულია და ექსპერტიზის შედეგებს, იდენტობას, როგორც ერთ-ერთ დაზარალებულ მხარეს, ოფიციალურად გააცნობენ.
იდენტობა იურისტის თქმით, მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ შეეძლება ორგანიზაციას შეფასების გაკეთების შესაძლებლობა და მსჯელობა, თუ რამდენად შეიძლება ეს ყოფილიყო განზრახ ჩადენილი ქმედება და მუქარის კიდევ ერთი გზავნილი იდენტობის მიმართ: “ამ ეტაპზე ამ ვერსიას, რა თქმა უნდა, აქვს არსებობის ლეგიტიმური უფლება, რაც უნდა იქნას ობიექტურად გამოძიებული და გამოირიცხოს უტყუარი მტკიცებულებებით”, – აცხადებს არახამია.
წყარო http://17maisi.org/
მასალის გამოყენების პირობები






