საქართველოს სახალხო არტისტი, მოცეკვავე ომარ მხეიძე რესტორან „ბუდაპეშტთან“ დაკავშირებულ ისტორიას იხსენებს და მიზანშეუწონლად მიიჩნევს იმ ადამიანების პროტესტს, რომლებიც ამავე ტერიტორიაზე სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობას ეწინააღმდეგებიან. ცნობილი ქორეოგრაფი, რომელიც „ბუდაპეშტის“ ხშირი სტუმარი იყო, ამბობს, რომ ეს ტერიტორია ვაკის პარკს არასდროს ეკუთვნოდა.
„მე ბუდაპეშტთან ჩემი დამოკიდებულება მაქვს. როდესაც ლაშა შემეძინა ჯანო კახიძე იყო თამადა. ზურა წერეთელი და მაშინდელი შვიდკაცა, თენგიზ კახიძე და ყველა ეს ხალხი ვიკრიბებოდით იქ. საერთოდ, ისეთი ადამინები დადიოდნენ, კოლორიტების თავშეყრის ადგილი იყო. არაჩვეულებრივი პიროვნებები, თავიანთი ცხოვრების ისტორიებით. ზეიმი იყო იქ მისვლა, სამწუხაროდ ეს ყველაფერი გაქრა. რატომ?
რა საბუთი აქვთ ამ ადამიანებს, მიზეზი ხომ უნდა მოიყვანონ, ჯერ ერთი, ეგ რესტორანი ვაკის პარკს არ ეკუთვნის, ვაკის პარკის თავზეა, კუს ტბის მხარეს. მთელი პლეადა იქ გავიზარდეთ. ახლა რომ წამოყვეს ვიღაცეებმა თავი და ყველა ჩხავის, ყველა იგინება, ყველა ფულს რომ ხედავს , რატომ? ხომ არის ისეთი საკითხები, რომელსაც მომავლის თვალით უნდა შეხედო. ამას რატომ ვერ ახერხებს ეს ხალხი. მომავლის თვალით შეხედეთ ამ კარგ წამოწყებას. ცხადია, რაც მაშინ იყო მთლიანად ისე ვეღარ იქნება, მომავალში კიდევ სხვა მოთხოვნილება ექნება თაობას, მაგრამ ის ტრადიცია თუ იქნება აღგენილი და ეს ტერიტორია, ბოლოს და ბოლოს კვლავ რაღაცას დაემსგავსება ამას რა ჯობია. მამაჩემი ფაიტონით დადიოდა და სოფლებში ცხენები ჰყავდათ. ახლა მე ფაიტონით ვიარო და მანქანებით არ გავიდე? რაც თავი მახსოვს, ეს ადგილი ვაკის პარკს არასდროს ეკუთვნოდა. ეს თბილისელებისთვის ერთ–ერთი საყვარელი ადგილი იყო. სამწუხაროდ, ბოლო ხანს, იქით გავლა უკვე შეუძლებელი იყო. ახლა, თუ ვინმე ხელს მოკიდებს ამ ტერიტორიას ძალიან კარგ საქმეს გააკეთებს. როგორ შეიძლება ამას შეეწინააღმდეგოს ადამიანი?!“, – ამბობს ომარ მხეიძე.
მასალის გამოყენების პირობები






