"ნიუპოსტთან" საუბრისას გამგებელმა გელა არჩვაძემ, რომელიც ხანძრის დროს ე.წ. აზარიანცის სახლთან იმყოფებოდა, აღნიშნა რომ მიზეზად ლიფტის შახტაში გაჩენილი ხანძარი სახელდება.
თუმცა გავრცელებულ ვერსიებს ხანძრის ხელოვნურად გაჩენასთან დაკავშირებით გამგებელი არ ადასტურებს, მისი თქმით ადგილზე იმყოფება საგამოძიებო ჯგუფი და მალე ყველაფერი გაირკვევა.
„მიზეზად სახელდება ლიფტის შახტაში გაჩენილი ხანძარი, განცხადებები იმის შესახებ რომ ხელოვნურად იყოს ხანძარი გამოწვეული არ მომისმენია, არც მეხანძრეებისგან და არც იქ მყოფებს არ უთქვამთ. ახლომახლო სათვალთვალო კამერები არის, ქვევით "ხინკლის სახლთან" ასევე გამზირზე, მაგრამ არც შენობაში და არც შენობის უკანა მხარეს კამერები არ არის. ვერსიებს იმის შესახებ რომ თითქოსდა ხელოვნურად იყოს გაჩენილი ხანძარი ამას ვერ დავადასტურებ, მაგრამ საგამოძიებო ჯგუფია იქ და ყველაფერი გაირკვევა“. განაცხადა გელა არჩვაძემ.
რუსთაველის გამზირზე ხანძარმა კულტურის სამინისტროს ყოფილი შენობის, ე.წ. კაზარიანცის სახლის დიდი ნაწილი გაანადგურა. ცეცხლის შედეგად დამწვარია 300 კვ მეტრის ფართობი - შენობის სახურავი და რამდენიმე სართული. დაიწვა შენობის მესამე სართულზე მდებარე ხელოვნების სკოლაც. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების შედეგად კი დაზარალდნენ შენობის პირველ სართულზე მდებარე კომერციული ფართების მეპატრონეები.
მასალის გამოყენების პირობები






