„პარტიზანების“ სამიზნე 22 მილიონიანი ინვესტიცია გახდა. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები თბილისში ჭავჭავაძის 68 –ში მდებარე მშენებლობის პროცესს აფერხებენ.
ამერიკელი ინვესტორი 1958 წელს აშენებულ რესტორან „ბუდაპეშტის“ აღდგენას და ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს აშენებას გეგმავს. 22 მილიონიან პროექტს „ტიფლის ბიზნეს ჯგუფი განახორციელებს“, როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ზაქაიძე ამბობს, სახელმწიფომ არჩევანი უნდა გააკეთოს რა უფრო მნიშვნელოვანია რამდენიმე ადამიანის ინტერესი, რომლებიც გრანტებს იღებენ თუ ინვესტიცია, რომლის ფარგლებში 400 საშტატო ერთეული შეიქმნება, ხოლო 2 ათასი ადამიანი მშენებლობის პროცესში დასაქმდება.
„მშენებლობა რესტორან „ბუდაპეშტის“ ტერიტორიაზე ხდება, რომელიც არა ვაკის პარკის, არამედ მის მიმდებარე ტერიტორიაა და ადგილზე მოხვედრა მხოლოდ შემოვლითი გზით არის შესაძლებელი. მშენებლობა კანონის სრული დაცვით ხორციელდება. ჩვენ მივმართავთ სახელმწიფო სტრუქტურებს მოვიდნენ და ნახონ თუ რამეს ვარღვევთ, აქ არც ერთი ხე და ნარგავი არ დაზიანდება. მშენებლობა ადგილობრივ ეკოლოგიას საფრთხეს არ შეუქმნის. „ტიფლის ბიზნეს ჯგუფმა“ უკვე მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა უზრუნველყოფილ იქნას მშენებლობაზე დასაქმებული ადამიანებისა და ინვესტორის უსაფრთხოება. სახელმწიფომ კი არჩევანი უნდა გააკეთოს რა უფრო მნიშვნელოვანია, ამხელა ინვესტიცია თუ გრანტებზე მომუშავე არასამთვარობო ორგანიზაციის ინტერესი“, – აცხადებს ზაქაიძე.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის შემთხვევაში ისინი ფაქტზე რეაგირებას მოახდენენ. კომპანია მშენებლობის დასრულებას მომავალი წლის ზაფხულში გეგმავს.
მასალის გამოყენების პირობები






