საქართველოში დაახლოებით ასი ათასზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ცხოვრობს. უმეტესობას მზრუნველი ჰყავს და ოჯახურ გარემოშია, რამდენიმე ასეული კი პანსიონატებსა და სხვა მსგავსი დანიშნულების ინსტიტუციებში საზოგადოებისგან იზოლირებულად ცხოვრობენ.
თამარი, გოჩა, ნათია, ირინა, დიმა - 13 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი დღეს გურჯაანში რამდენიმე ოჯახად ცხოვრობს. დღეს ყოველ მათგანს სახელმწიფო ერთ დღე-ღამეში 16 ლარით აფინანსებს. თუ ცხოვრებისა და თვითრეალიზაციისთვის ნორმალურ პირობებს შევუქმნით, შესაძლოა, დამოუკიდებლად ცხოვრებაც შეძლონ და საბოლოოდ, ასეთი მიდგომით სახელმწიფო ფინანსურ რესურსსაც დაზოგავს, ამ ადამიანებს კი ნორმალურ გარემოში ცხოვრების შანსს მისცემს.
თუმცა, სახელმწიფოსთან სხვა პრობლემებსაც ვაწყდებით. მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანებს აქვთ გრძნობები, სურვილები, განცდები, მათ არა აქვთ ქორწინების უფლება, ხოლო ინსტიტუციაში ყოფნისას თანაცხოვრების უფლებაც კი არა აქვთ.
მიუხედავად ამისა, სიყვარულს წინ ვერაფერი აღუდგება და ჩვენს ბინადრებს, გოჩასა და ნათიას, ერთმანეთი ჯერ კიდევ პანსიონატში შეუყვარდათ. ორი შვილიც შეეძინათ, მაგრამ იმის გამო, რომ სახელმწიფომ ისინი ქმედუუნაროდ აღიარა, კანონი შვილის აღზრდის უფლებას არ აძლევს, გოჩასა და ნათიას შვილები მხოლოდ ფოტოებზე ჰყავთ ნანახი.
სახელმწიფომ ერთი ბავშვი თავშესაფარში გადაიყვანა, მეორე კი გააშვილა.
აქამდე ქმედუუნარო პირებს არც ქორწინების უფლება ჰქონდათ, მაგრამ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთმა ასეთმა პირმა სახელმწიფოს სასამართლოში პროცესი მოუგო და ეს უფლება ოფიციალურად მოიპოვა. დაახლოებით ათ თვეში, ალბათ, კანონი უნდა შეიცვალოს.
წყარო: kvirispalitra.ge
მასალის გამოყენების პირობები






