მოსკოვის პროსპექტზე არსებულ მიუსაფართა თავშესაფარში შეშის ახალი მარაგი შევიდა. ამ დროისთვის თავშესაფარში 220-მდე მიუსაფარი ცხოვრობს. ბენეფიციარები საკვებით, მედიკამენტებით და ტანსაცმლით სრულად არიან უზრუნველყოფილი. განახლდა კარვების ნაწილიც.
ადგილზე მოწყობილია მედპუნქტი, რომელიც აღჭურვილია პირველადი სამედიცინო დახმარების საშუალებებითა და მედიკამენტებით. თავშესაფარში 24-საათიან რეჟიმში მორიგეობენ „ქურთის საავადმყოფოს“ ექიმები.
მოქმედებს სამზარეულო, რომელიც ბენეფიციართა მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს. ადგილზე მოწყობილია საპირფარეშოები და აბანო. კონტროლდება სანიტარული მდგომარეობა.
თავშესაფრის ოპერირებას საქველმოქმედო ფონდი „კათარზისი“ ახორციელებს. ადგილზე სისტემატურად მორიგეობენ თბილისის მერიის, თავდაცვის სამინისტროსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.
ბენეფიციარები მოსკოვის პროსპექტზე არსებულ თავშესაფარში კაპიტალური თავშესაფრის მშენებლობის დასრულებამდე დარჩებიან, რის შემდეგაც თბილისის მერია მათ ახალ თავშესაფარში გადაიყვანს.
მასალის გამოყენების პირობები






