„ეს იქნება მოულოდნელობებით აღსავსე კონცერტი“, - ამბობს „ნიუპოსტთან“ ნიკოლოზ რაჭველი და ძველით ახალ წელს ანიტა რაჭველიშვილთან და ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად თბილისის საკონცერტო დარბაზში გვიწვევს.
ამ მოულოდნელობათაგან ერთ-ერთს „ნიუპოსტი“ გაგიმხელთ, - სცენაზე, სუხიშვილების დასთან ერთად აცეკვებულ ანიტა რაჭველიშვილსაც იხილავთ.
ნიკოლოზ რაჭველი: „ამ პროგრამის ძალიან წარმატებული პრემიერა ნიუ-იორკში გასულ წელს გვქონდა. ამჯერად კი გადავწყვიტეთ რომ საახალწლოდ მივუძღვნათ ჩვენს ერთგულ მუსიკის მოყვარულებსა და პუბლიკას. ძალიან შთამბეჭდავი საღამო გელით წინ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მუსიკაზე აგებული პროგრამა და ანიტა, რომელიც საოცრად მღერის.
ანიტა თავისთავად მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი მომღერალია, მაგრამ ცნობილია როგორც კლასიკური საოპერო მომღერალი, ამჯერად კი ამ პროგრამაში სხვადასხვა ჟანრებს ძალიან საინტერესოდ და ორიგინალურად ქმნის".
ანიტა რაჭველიშვილი: „ბედნიერი ვარ რომ ეს პროექტი, რომელიც თბილისში ჩასისახა, გამოგვივიდა. ნიუ-იუორკში, ძალიან დიდი წარმატება ხვდა წილად. იქ ქართული მუსიკაც შესრულდა, იყო ყანჩელისა და ბაგრატიონის მუსიკა, რამაც ამერიკელები იმდენად აღაფრთოვანა, რომ შემდგომ კონცერტზე ითხოვდნენ ქართული იმღერეთ რამეო...
იგივე პროექტს ვიმეორებთ თბილისშიც, ბევრი ახალი სიმღერით და რაც მთავარია სუხიშვილების ჩართვით. ეს ყველაზე ძალიან მინდოდა და მიხარია, რომ გამოგვივიდა. სუხიშვილები ჩაგვერთვებიან და იცეკვებენ ჩვენთან ერთად. ილიკოს სურვილით ტანგოს მეც ვიცეკვებ სუხიშვილების დასის წევრებთან ერთად. მართალი გითხრათ მოუთმენლად ველი კონცერტს.
ძალიან ბედნიერი ვარ რომ ახალ წელს საქართველოში შევხვდი, შვიდი წელია საქართველოში არ შევხვედრილვარ, ძალიან მომენატრა ახალი წლის დღეები აქ და ჩვენი ტრადიციები. ეს ყველაფერი იმით გვირგვინდება, რომ ძველით ახალ წელს ასეთი არაჩვეულებრივი კონცერტი იგეგმება, და ვიქნები ჩემთვის ძალიან საყვარელ ადამიანთან და არაჩვეულებრივ მუსიკიოსებთან ერთად“.
მასალის გამოყენების პირობები






