ჭირისუფალი განსაკუთრებული აღშფოთებით, ექიმ რეანიმატოლოგის, ვაჟა იმნაძის მისამართით საუბრობს, რომელმაც, ოჯახის ახლობლების თქმით, ხელი ყალბ დასკვნას მოაწერა, რომელიც ოჯახს 31 დეკემბერს გადაეცა. დასკვნაში ბავშვის გარდაცვალების მიზეზებზეა საუბარი.
გარდაცვლილი ბავშვის ახლობლები დამნაშავე ექიმების დასჯას კატეგორიულად მოითხოვენ.
თავად ვასაძეების ოჯახი, ამ მოთხოვნით, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიმართავს.
„24 დეკემბერს ბავშვმა თავი შეუძლოდ იგრძნო, მივიყვანე ჯანდაცვის ცენტრში (ლანჩხუთის ცენტრალური საავადმყოფო), ექიმ მარინა გოგიჩაიშვილთან. ექიმმა გასინჯა ბავშვი, მითხრა რომ პრობლემები ცოტა ჰქონდა ბრონხებში, რაც საშიში არ იყო, გამომიწერა წამალი, ანტიბიოტიკი, და დაუნიშნა ინჰალაცია, მეორე დღეს ბავშვს სიცხე აღარ ჰქონდა, მაგრამ დაეწყო პირღებინება და 26 დეკემბერს, დილით, სოფლის ექიმს, ბორის ბურძგლას დავუკავშირდით, ის, პარალელურად ლანჩხუთის ჯანდაცვის ცენტრში მუშაობს და თან წამოგვყვა. მოათავსა ბავშვი სტაციონარში და დაუნიშნა გადასხმა. მორიგე ექიმი ნანა ქევხიშვილი იყო, არც ის და არც ბატონი ბორისი ბავშვს შემდეგ არ გაკარებიან, ვიყავი მარტო, ორ ექთანთან, ნინო სადრუჟიანთან და ინგა იმნაიშვილთან ერთად. ვხედავდი, როგორ უარესდებოდა ჩემი შვილის მდგომარეობა, მაგრამ სადრუჟიანი მეუბნებოდა, რომ არაფერი არ არის. ასეთი უამრავი ყოფილა. უეცრად, ბავშვი გადასხმის დაწყებიდან ნახევარ საათში საერთოდ გაიყინა და გარდაიცვალა.“-გვიყვება გარდაცვლილის დედა, რომელსაც დღეს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, სოფელ ჩოჩხათში შევხვდით.
24 წლის ნათია ღლონტი, ხუთი წელია ქორწინებაშია და ის სოფელ ჩოჩხათში მეუღლესთან, კარლო ვასაძე და დედამთილთან ერთად ცხოვრობს. მარიამი ოჯახის მეორე შვილი იყო.
დედა დარწმუნებულია, რომ მისი შვილი, ექიმების მხრიდან გამოჩენილი ელემენტარული ყურადღების პირობებშიც კი გადარჩებოდა.
ნინო კვირკველია: ლანჩხუთის ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი:“ ავადმყოფი მარიამ ვასაძე, ჩვენს კლინიკაში შემოყვანილი იქნა 26 დეკემბერს, დღის თორმეტის ნახევარზე, უბნის ექიმის მიერ. პაციენტის ზოგადი მდგომარეობა შემოსვლის დღიდან იყო მძიმე. დაესვა დიაგნოზი პნევმონია დაუზუსტებელი მძიმე სუნთქვის უკმარისობით, რის გამოც პაციენტი მოთავსებული იქნა ბავშვთა განყოფილების ინტენსიური თერაპიის პალატაში. დაინიშნა მკურნალობა. პაციენტს უკეთდებოდა იმფუზური თერაპია და პარალელურ რეჟიმში მიეწოდებოდა ჟანგბადი. ამის შემდეგ პაციენტი გადაყვანილი იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში, ექიმ რეანიმატოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ. რეანიმატოლოგის მიერ პაციენტი მართვით სუნთქვაზე იქნა გადაყვანილი, სამწუხაროდ ყველანაირი რეანიმაციული ღონისძიების ჩატარების მიუხედავად, პაციენტი გარდაიცვალა. რეფერალური სამსახური პაციენტის შემოყვანიდან ნახევარი საათის შემდეგ იქნა გამოძახებული. ოჯახის წევრების განცხადებებში მოყვანილ ფაქტებს ვერ დავადასტურებ, შესაბამისი კომპეტენტური ორგანოები სწავლობენ ამ ფაქტებს და უახლოეს დროში დაიდება ეს მასალები”.
კატეგორიულად არ ეთანხმება კვირკველიას განცხადებებს ნათია ღლონტი:“როგორ აცხადებენ რომ მდგომარეობა მძიმე იყო, როცა მამშვიდებდნენ რომ არაფერი საშიში არ იყო, მაშინ რა იყო, მაყურებინეს როგორ კვდებოდა ჩემი შვილი?! არანაირი რეანიმაცია, ბავშვი რომ გარდაიცვალა შემდეგ გადაიყვანეს რეანიმაციაში. რეფელარული სამსახურის გამოძახებაზე აღარაფერს ვამბობ. რა თერაპია, 400 გრამი რინგერის გადასხმა მიმდინარეობდა მე არ მოვშორებივარ მარიამს, ერთადერთი ის იყო, რომ ბავშვს გადასხმის პარალელურად კისრიდან შეუყვანეს დექსამეტაზონი ერთი ამპულა. გადასხმაც კისრიდან მიმდინარეობდა, რადგან მედ პერსონალმა ბავშვს ვენა ვერ უნახა.“-გვითხრა გარდაცვლილის დედამ.
მისივე განცხადებით, ბავშვი არც ინტენსიური თერაპიის პალატაში ყოფილა მოთავსებული და არც ჟანგბადი მიეწოდებოდა პარალელურ რეჟიმში.
ექიმი მარინა გოგიჩაიშვილი:“ პაციენტი ვნახე დაავადებიდან მეორე დღესვე, ჰქონდა ტემპერატურა და ხველა. ფილტვებში მოსმენით არაფერი არ იყო. ჩავთვალე იყო ვირუსული ინფექცია, მაგრამ რადგან ყელი იყო ჰიპერემიული, დავუნიშნე ანტიბიოტიკი, სხვა საშუალებები და წავიდა ბინაზე. ის იყო საშუალო სიმძიმის პაციენტი და ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებდა. სამი დღის შემდეგ დამირეკა ბავშვის დედამ, რომ პატარას მდგმარეობა დამძიმდა, ჰქონდა ღებინება, აშლილობა. დედამ მითხრა სტაციონარში გადამყავსო“
ექთანი ნინო სადრუჟიანცი და მორიგე ექიმი ნანა ქევხიშვილი, ლანჩხუთის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში მისული ჟურნალისტების წინაშე არ გამოჩენილან, ისევე როგორც ექიმი ბორის ბურძგლა, ყველა მათგანი ცენტრში იმყოფებოდა.
რეგულირების სააგენტომ კი, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება უკვე დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები






