2014 წელს 30 844 წყვილის ქორწინება დარეგისტრირდა. ინფორმაციას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ავრცელებს.
ყველაზე მეტი წყვილის ქორწინება თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, მარნეულში, მცხეთაში, სიღნაღში, თელავსა და ახალქალაქში დარეგისტრირდა.
ქორწინების საშუალო ასაკი მამაკაცები 31 წელი, ხოლო ქალბატონები 28 წელი იყო.
ყველაზე მეტმა 3 307 წყვილმა სექტემბერში მოაწერა ხელი. ამასთან, 2014 წელს დაქორწინებულთა შორის 24 135 მამაკაცი ქალბატონზე უფროსი ასაკის იყო, ხოლო 6 700 შემთხვევაში პირიქით – ქალბატონი იყო მეუღლეზე უფროსი ასაკის.
საქართველოში ქორწინების 10 სახლი ფუნქციონირებს. სიღნაღის ქორწინების სახლი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. გასულ წელს სიღნაღის ქორწინების სახლში 57-მა წყვილმა 00:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში დაარეგისტრირა ქორწინება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქეები 2014 წლის განმავლობაში დაქორწინდნენ საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებსა და საკონსულოებში. 86-მა წყვილმა საბერძნეთში (ათენში), 44 წყვილმა ესპანეთში, ხოლო 29 მათგანმა იტალიაში რომში მდებარე საქართველოს საელჩოში მოაწერა ხელი.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, 2013 წელს 34 394 წყვილის ქორწინება დარეგისტრირდა, 2012 წელს – 29 932 წყვილის, 2011 წელს – 30 861, 2010 წელს – 34 449, 2009 – 31 796, ხოლო 2008 წელს 24 696 წყვილმა იქორწინა.
მასალის გამოყენების პირობები






