გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია „რეზონანსთან“ საუბრისას ამბობს, რომ 2015 წლის ბოლომდე საქართველოში არსებული ჰიპერმარკეტები ბიოდეგრადირებადი პარკების გამოყენებას დაიწყებენ.
„მინდა გითხრათ, რომ ყველა შემთხვევაში ეს არ არის ქაღალდის პარკი, არის ბიოდეგრადირებადი, პლასტმასის პარკი. ის ტიპიური ცელოფნის პარკისგან თავისი კონსიტენციით განსხვავდება და ექვს თვეში ასეთუ ბიოდეგრადირებადი პარკით გარემო პრაქტიკულად უვნებელი ხდება“. - ამბობს მინისტრის მოადგილე.
მისი თქმით, ბიოდეგრადირებადი პარკი გარემოში 6 თვეში იშლება: „მრავალჯერადი პარკები ჩვენი უპირატესობაა. ჩვენ მოსახლეობას მრავალჯერადი პარკის გამოყენებისკენ მოვუწოდებთ, თუმცა ხშირ შემთხვევაში ეს შეუძლებელია, ამიტომ სავაჭრო ქსელების უმეტესობა, ჩვენი აქტიური თანადგომის ფონზე, გვპირდება, რომ ბიოდეგრადირებად პარკებს გამოიყენებენ.
ეს იმას ნიშნავს, რომ განსხვავებით ტიპიური ცელოფნის პარკისგან, რომელიც გარემოში ასი წელი არ იშლება, ისინი გამოიყენებენ ბიოდეგრადირებად პარკებს, რომელიც 6 თვის განმავლობაში გარემოში ნადგურდება. რაც შეეხება მრავალჯერად პარკებს, ეს მსოფლიოს თანამედროვე საზოგადოების არჩევანია და ვფიქრობთ, იმ ფონზე, რომ ჩვენ აქტიური კამპანია გვექნება, მოსახლეობა მრავალჯერადი გამოყენების პარკებს აირჩევს.
მისივე თქმით, ბიოდეგრადირებადი პარკები უფასო იქნება და მოსახლეობა ასეთ პარკებში დამატებით თანხას არ გადაიხდის: „ჩვენ გვქონდა საუბარი ჰიპერმარკეტების წარმომადგენლებთან და მათ თქვეს, რომ ბიოდეგრადირებადი პარკები გარკვეულ წილად უფრო ძვირია, ვიდრე ჩვეულებრივი პარკი, ისინი მომავალ წელს შეეცდებიან, ისე ჩაანაცვლონ, რომ ეს საზოგადოებისთვის პრობლემა არ გახდეს.
როგორც მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, მომავალ წელს პოლიეთილენის პარკის მოხმარება არ აიკრძალება, თუმცა 2016 წლიდან შესაძლოა, ასეთ პარკებზე აკრძალვა დაწესდეს“ „2015 წელს ჩვეულებრივ პარკებს არ ავკრძალავთ, თუმცა 2016-2017-ში ვფიქრობთ, რომ ჩვეულებრივ პარკებზე შეზღუდვა დავაწესოთ."- აცხადებს მურღულია.
წყარო "რეზონანსი"
მასალის გამოყენების პირობები






