უგზოობის და დიდთოვლობის გამო, ყაზბეგში ჩარჩენილი დამსვენებლები შველას ითხოვენ. „ვინიუსი“ ერთ-ერთ მგზავრს, კომედი შოუს მსახიობ მიშა ანდღულაძეს დაუკავშირდა. მისი თქმით ამ დროისთვის გზის გაწმენდის სამუშაოები არ მიმდინარეობს და სიტუაციას ისიც ართულებს, რომ სასტუმროს კვების მარაგიც უთავდება. „დავრეკეთ 112-შიც და საგზაო დეპარტამენტშიც,პასუხს ვერავინ ვერ გვაძლევს. უწყებები ერთმანეთთან გვამისამართებენ და ყველა ირიდებს პასუხისმგებლობას. ვერტმფრენზეც დავრეკეთ და გვითხრეს, ვერ დაგეხმარებითო. ანუ სასწრაფო დახმარება რომ დამჭირდეს აქ უნდა მოვკვდე?“ - აცხადებს „ვინიუსთან“ ინტერვიუში მიშა ანდღულაძე.
დამსვენებლების თქმით, მათ ფინანსური პრობლემები შეექმნათ, რადგან სასტუმროს ხარჯების დაფარვა არ შეუძლიათ, ამასთანავე მაღაზიებში საკვები აღარ დარჩა. „მაღაზიებში მარტო სარეცხის ფხვნილია დარჩენილი. ყველაფერთან ერთად ფინანსური პრობლემებიც გვაქვს, სასტუმროს ადმინისტრაციამ 30 %-ანი შეღავათი გაგვიკეთა, მაგრამ კიდევ ოთხი დღე აქ თუ მოგვიწევს ყოფნა, არ ვიცით რა უნდა ვქნათ“ - ამბობს ანდღულაძე.
ამ დროისთვის ყაზბეგში რამდენიმე ათეული ტურისტია ჩარჩენილი.
წყარო http://vinews.ge/
მასალის გამოყენების პირობები






