ანაკლიის მოსახლეობას ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკურირიტო დასახლება შობას უშუქოდ შეხვდა. ადგილობრივების ინფორმაციით, წუხელ ელექტრო ენერგია არც წმინდა ნიკოლოზის ტაძარს მიეწოდებოდა, სადაც საშობაო წირვა ტარდებოდა.
მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს. როგორც ისინი ამბობენ, ელექტროენერგია ანაკლიის მოსახლებას ახალი წლის ღამესაც დროგამოშვებით მიეწოდებოდათ.
აღსანიშნავია, რომ ანაკლიაში წინა კვირას მომხდარი შტრომის შედეგად ნაწილობრივ განადგურებული ინფრასტრუქტურა ამ დრომდე უცვლელ ვითარებაშია. მოსახლეობის ინფორმაციით, შტორმის შედეგად წაღებულია რამდენიმე პალმა, შეჩერებულია მშენებლობები, მოუვლელია სკვერები და გაუწმენდავია სანიაღვრე მილები, რის გამოც ნიაღვარი ქუჩაში გადმოდის, და ტროტუარი ფუჭდება.
მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლებისგან პრობლემის მოგვარებას ითხოვს.
მასალის გამოყენების პირობები






