ელექტროენერგია უკვე მიეწოდება დუშეთის რაიონის სოფლებს – წითლიანს, ბიბლიანს და დაბა ფასანაურს, რომლებსაც გაუარესებული კლიმატური პირობებისა და დიდთოვლობის გამო, რამდენიმე საათით შეეზღუდა დენის მიწოდება. ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
რამდენიმე წუთში ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება სოფელ გუდამაყარსაც.
ენერგო–პრო ჯორჯიას ტექნიკური სამსახური გადასულია საგანგებო სამუშაო რეჟიმზე. მიუხედავად იმისა, რომ დიდთოვლობის და მძიმე კლიმატის გამო გადაადგილება გართულებული იყო, კომპანიის ტექნიკურმა სამსახურმა შეძლო სარემონტო სამუშაოების ოპერატიულად წარმოება.
ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება გუდაურსა და სტეფანწმინდას.
დიდთოვლობის გამო, ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდებოდა, აგრეთვე, ცაგერის, ლენტეხის, ონის და ამბროლაურის რაიონების მცირე ნაწილს; თუმცა ენერგო–პრო ჯორჯიას ტექნიკური ბრიგადების მუშაობის შედეგად, გათიშული აბონენტების უმეტესი ნაწილის ენერგომომარაგება აღდგენილია. დენი ასევე შეზღუდვით მიეწოდება ნინოწმინდის რაიონის ნაწილს, სადაც დიდთოვლობას ერთვის ძლიერი ქარბუქი.
გართულებული კლიმატური პირობების მიუხედავად, რაც აფერხებს გადაადგილებას, სარემონტო სამუშაოების წარმოება გრძელდება და ელექტროენერგიის მიწოდება შეძლებისდაგვარად, აღუდგება გათიშულ აბონენტებს.
მასალის გამოყენების პირობები






