თბილისში პატრულმა დაკარგული ბავშვი მშობლებს დაუბრუნა. 4 იანვარს მომხდარ ისტორიას ჟურნალს „გზასთან“ ფოტოგრაფი ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი ჰყვება, რომელიც ამ ამბავს თავად შეესწრო. როგორც ის ჰყვება 3 წლის ბიჭუნა ღამის 11 საათზე რუსთაველის ქუჩაზე ერთ-ერთი ეზოს არკიდან გამოვიდა და გზაზე გადასვლა გადაწყვიტა.
„სწორედ იმ მომენტში ტაქსი გაჩერდა, მძღოლი ავტომობილიდან გადმოვიდა და პატარა ბიჭი ხელში აიტაცა. რომ არა ტაქსის მძღოლი, კაცმა არ იცის, იმ ბავშვს რა ბედი ეწეოდა. მომენტალურად შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია გაჩნდა და წამებში მათ მეც მიუახლოვდი. ბავშვი ნამტირალევი იყო. დედას ეძებდა... პატრულთან ერთად, პატარა ანდრიას მეც გამოვკითხე როგორ აღმოჩნდა ქუჩაში. აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ პატრულის თანამშრომლები უაღრესად ადამიანურები აღმჩნდნენ. მათი მიდგომა ძალიან მომეწონა. ანდრიამ ვერ გვითხრა სად ცხოვრობდა, არ იცოდა საკუთარი სახლის მისამართი... პატრულს ვუთხარი, რომ ბავშვი მეტროს მოპირდაპირე სახლის სადარბაზოდან გამოვიდა. ბოლოს იმ სახლის სადარბაზოსთან დავდექით და გამვლელების გამოკითხვა დავიწყეთ. ბოლოს, ერთმა ქალმა ანდრია იცნო და ბავშვის დედას დაურეკა“, - ამბობს ფოტოგრაფი.
მისი თქმით, ამ ამბავს დედა საკმაოდ უემოციოდ შეხვდა.
„ანდრია სახლიდან ერთი მაისურით იყო გამოსული, ციოდა და ამიტომ პარტულმა საკუთარი ქურთუკი გაიხადა და ჩააცვა. ძალიან მიხარია, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა“, - ამბობს ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი.
წყარო: ჟურნალი "გზა"
მასალის გამოყენების პირობები






