"მე იქიდან ჩამომასვენებენ, აი, აქ, ამ დიდი ლოდის წინ დამასაფლავეთ, ყველას უთხარით, რომ ეს ჩემი სურვილი იყო“, - ეს სიტყვები მცხეთის დავით აღმაშენებლის მამათა მონასტრის წინამძღვარს, მამა ილია კარტოზიას საქართველოდან გამგზავრებამდე ბერებთან და მორჩილებთან უთქვამს. მაშინ მისი სიტყვებისთვის ყურადღება არავის მიუქცევია, ხუმრობა ეგონათ.
„ჩემთვის არ გაუმხელია, მაგრამ სხვებთან უთქვამს. მორწმუნეებს ეს არ გვიკვირს. არ გამკვირვებია, რომ სხვას დაუთმო ადგილი და თვითონ დარჩა ცეცხლმოკიდებულ გემზე. ის ჩემი ტყუპისცალი იყო. ნათლისღებაზე მთელი ღამე ცივ წყალში ყველანი ერთად ვმდგარვართ. წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მშენებლობაში დიდი წვლილი მიუძღვის. შეძრწუნებულია მამა ილიას მრევლი, მათ სულიერი მოძღვარი დაკარგეს“, - ამბობს გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ საუბარში მამა ანტონი, რომელიც ბერად მამა ილიასთან ერთად აღიკვეცა, რის გამოც მათ ტყპებს ეძახდნენ.
ტრაგიკულად დაღუპულ 27 წლის არქიმანდრიტს სამშობლოში ამ დღეებში ჩამოასვენებენ. მისი ცხედარი ამ დრომდე ქალაქ ბარიში, ექსპერტიზის ბიუროშია.
მამა ილია კარტოზია მრევლთან ერთად პატრიარქის კურთხევით ქალაქ ბარიში, წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მოსალოცად მიდიოდა. ადრიატიკის ზღვაში ბორან „ნორმან ატლანტიკზე“ საქართველოს რვა მოქალაქე იმყოფებოდა, მათ შორის ერთი ბავშვი და ფეხმძიმე ქალი. საბერძნეთის სანაპიროსთან ბორანს მოულოდნელად ცეცხლი გაუჩნდა. დაიღუპა 11 მგზავრი, ზოგიერთს დღემდე ეძებენ.
წყარო: გაზეთი "კვირის პალიტრა"
მასალის გამოყენების პირობები






