სოციალურად დაუცველი ნათია ბენიაშვილის სამსულიანი ოჯახი ახალ წელს ახალ ბინაში შეხვდება. 28 წლის მარტოხელა დედას ახალსახლობა დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ზაზა გაბუნიამ მიულოცეს.
თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, ბენიაშვილების ოჯახს საცხოვრებელი ბინის ქირით ნაძალადევის რაიონის გამგეობა იმ დრომდე უზრუნველყოფს, ვიდრე ეს საჭირო იქნება.
„ჩვენ იმაზეც ვიზრუნეთ, რომ მერიის ქვემდებარე ერთ-ერთ უწყებაში ამ ქალბატონს ჰქონდეს სტაბილური სამუშაო ადგილი. ეს არის მინიმალური, რისი გაკეთებაც ჩვენ შევძელით ამ ოჯახისთვის. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაქსიმალურად უკეთესი პირობები შევუქმნათ ადამიანებს, რათა ისინი უზრუნველყოფილი იყვნენ სამუშაო ადგილებით და თავად შეძლონ საკუთარი ოჯახის რჩენა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
ნაძალადევის რაიონის გამგებლის ზაზა გაბუნიას თქმით, ეს არ არის ერთჯერადი აქცია და ნაძალადევის რაიონის გამგეობა, მერიის მხარდაჭერით, ასეთ ოჯახებს მომავალშიც განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს. „სოციალურად დაუცველი ადამიანები განსაკუთრებულად საჭიროებენ ხელისუფლების დახმარებას და თანადგომას. სასიხარულოა, რომ თბილისის მერის ძალისხმევით ნათია თავის ბავშვებთან ერთად ახალ წელს შეხვდება დაცულ, მოწესრიგებულ, უზრუნველყოფილ გარემოში“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
ოჯახური ძალადობის მსხვერპლი მარტოხელა დედა თბილისში, იაშვილის ქუჩაზე, 10 კვადრატული მეტრის ფართის ოთახში ცხოვრობდა.
მასალის გამოყენების პირობები






