საქართველოს საპატრიარქოში სინოდის მორიგი სხდომა გუშინ გაიმართა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე. მდივნად დაინიშნა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე).
როგორც სხდომის ოქმშია აღნიშნული, წმინდა სინოდმა იმსჯელა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებული მდგომარეობის შესახებ. საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდი არაკანონიერს უწოდებს იმ ხელშეკრულებას, რომელიც რუსეთსა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს შორის იქნა გაფორმებული.
,,ეს მხარეები ისტორიულად ყოველთვის იყო და არის საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში, რასაც აღიარებს მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესია და, მათ შორის, რუსეთის საპატრიარქოც, თუმცა დიდად სამწუხაროა, რომ დღემდე არ გვეძლევა საშუალება აქ სრულყოფილი მღვდელმსახურების განხორციელებისა, რაც არის ადამიანის უფლებათა შესახებ საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევა.
ითქვა, რომ: ა) აღნიშნული ტერიტორიები განუყოფელი ნაწილია ჩვენი ქვეყნისა და ღია ჭრილობები საქართველოსი, რომელთაც დროებით ვერ აკონტროლებს ჩვენი ხელისუფლება.
ბ) ფრიად სამწუხაროა და არაკანონიერი ამ რეგიონებთან მიმართებაში რუსეთის მიერ ბოლო დროს დადებული ე.წ. ხელშეკრულებები.
გ) იმედი გამოითქვა, რომ ღვთის მოწყალებით და საერთაშორისო საზოგადოების აზრის გათვალისწინებით გადაიდგმევა რეალური ნაბიჯები, რაც შესაძლებელს გახდის ასი ათასობით დევნილის მამა-პაპისეულ სახლებში დაბრუბებას და აღნიშნულ ტერიტორიებზე საქართველოს სახელმწიფოს იურისდიქციის აღდგენას“, - ნათქვმია სინოდის ოქმში.
მასალის გამოყენების პირობები






