ერისიონის მოცეკვავე გოგონები ფრანგმა ფოტოგრაფმა შეკრიბა და მათი მომღიმარი სახეები ფირზე კიდევ ერთხელ აღბეჭდა.
ამ ფოტოგრაფისვე ფოტოობიექტივში ისინი პირველად 12 წლის წინ მოხვდნენ. ეს მაშინ როდესაც ერისიონის ცეცხლოვანმა ცეკვამ ფრენსის პრიმერსკი საფრანგეთიდან საქართველოში ჩამოიყვანა.
როდესაც პირველად „ერისიონის” გამოსვლა ვნახე, ჩემთვის იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ ვთქვი საქართველო და ქართველები კარგად უნდა გავიცნო-მეთქი, - ამბობს საფრანგეთის ცნობილი ფოტოგრაფი.
სიტყვას არ უღალატა, საქართველოში ჩამოვიდა და ბევრად უფრო გაოგნებული დარჩა. ქართულ ცეკვასთან ერთად ქართულმა სიმღერამ, სტუმარ-მასპინძლობამ, ღვინომ, სუფრამ და როგორც თავად ამბობს ამ ულამაზესი ქვეყნის ზღაპრულმა ბუნებამ მოაჯადოვა. მერე ყოველი კუთხე-კუნჭული შემოიარა და ბოლოს აქ დასახლდა კიდეც. ახლა საქართველოსა და ქართველებზე შეყვარებული ფრანგი ხელოვანი საქართველოზე უამრავ ფოტოებს იღებს და დოკუმენტური ფილმების შექმნაზეც ფიქრობს. მასალა ბლომად დაუგროვდა. ამ არქივში გახლავთ ერისიონი - ქართული ლეგენდა და 12 წლის შემდეგ გადაღებული მოცეკვავე გოგონებიც.
ფრენსის პრიმერსკი: „ფოტომასალასთან ერთად, დღემდე დაახლოებით 300 საათი ვიდეო მაქვს გადაღებული. ერთ-ერთი ნაწილი ანსამბლ ერისიონს ეკუთვნის. ამ ფოტოებში სწორედ ეს მოცეკვავეები მყავს დაფიქსირებული. ბევრი რამ მინდა ფილმადაც ვაქციო. მასალა იმდენია, რომ შემიძლია ნებისმიერი კუთხის სიმღერაც შეუსაბამო და პატარ-პატარა ფილმებად ავკინძო. ასე რომ უახლოეს ხანში ბევრ საინტერესო ფილმს იხილავთ.“

მასალის გამოყენების პირობები






