ასეთ დროს სულ მახსენდება, რომ ჯარისკაცის შვილი ვარ. ყოფილი ნარკომანის, რომელმაც ომი რომ დაიწყო, ჰოპ! და წამალი გადააგდო, იარაღი აიღო და ომში წავიდა. მე არ ვიცი რატომ გააკეთა, რაში დაჭირდა ეს ბავშვობიდან განებივრებულს და მეტიჩარას, რომელსაც ყველაფერს პატიობდნენ, პოლიციელის დაჭრასაც პოლიციელისვე იარაღით.
მგონია, რომ ბავშვის სუნი ქონდა და ამიტომ. ასეთებს ყველაფერს პატიობენ. მოკლედ, გახდა ყოფილი ნარკომანი ჯარისკაცი. ომი რომ დამთავრდა, მამაჩემისთვის და მისი მეგობრებისთვის არ დამთავრებულა - პარტიზანულად იბრძოდნენ რამდენიმე წელი. თვეები ისე გავიდოდა, ვერც ვიგებდით, ცოცხალია თუ მკვდარი. ასეთ დროს აუცილებლად გამოჩნდებოდა ვიღაც, ვინც გვეუბნებოდა, რომ მამა და მისი რამდენიმე მეგობარი დამწვრები იპოვეს სადღაც ბარღებთან ან სიდასთან. მერე ცოტა ხანში რომელიმე ნაქირავები ბინის კარზე, საიდანაც ხშირად გავუგდივართ გადაუხდელობის გამო, დააკაკუნებდა მკაცრსახიანი, ჭუჭყიანი კაცი, მკრთააალი ღიმილით და რამდენიმე დღით სულს მოითქვამდა. ბავშვის სუნს არ კარგავდა არც ასეთ დროს. მერე ისევ შეიკრიბებოდნენ მამა და მეგობრები და ისევ აფხაზეთში გადავიდოდნენ ბილიკებით, რომელთა არსებობაც მარტო თვითონ იცოდნენ. ეს გამოჩენა-დაკარგვები ჩემი ბავშვობის ნევროზების მთავარი მიზეზი იყო. ღამღამობით ჯერ დედა და მერე ბებია, როცა ეგონათ, რომ ბავშვებს გვეძინა, ერთ გულისმომკვლელ პრაქტიკას მიმართავდნენ - მეგრულად თვალუა ქვია, დატირების თავისებური ვერსიაა, ამბის მოყოლითურთ, გახსენებებით და ქვითინით. თვალუა თანდათან ჩემი ძილისპირული გახდა, ამის გარეშე ვერც მამის მონატრებას ვატანდი გემოს.
როცა ხუთგან დაიჭრა ფეთქებადი ტყვიით და ფაქტიურად დაინვალიდდა, ომი აღარ შეეძლო, თანაც მისი თანამებრძოლებიდან ბევრმა აღმოაჩინა, რომ აქ ომის გარდა თხილით და ჯართით ვაჭრობაც შეიძლება და ჩამოცილდნენ, სახლში დაჯდა. სიმთვრალეში პირდაპირ სახლში ისროდა ხანდახან. ეგონა, რომ ალყაშია. სხვა ნაქირავებ ბინაში გადასვლამდე აუცილებლად ნატყვიარი კედლები უნდა შეგვევსო და გაგველამაზებინა.
რამდენიმე ტყვიის ნარჩენი ვერც ამოუღეს თავიდან და ხელიდან, იქ ქონდა ჩამარხული, რომ მოკვდა, ეს პატარა საფლავებიც წაიღო. მანამდე კი სამხედრო კონტრდაზვერვაში წაიყვანეს, იქ მუშაობდა წლები, ყველა გზა და ბილიკი იცოდა აფხაზეთში გადასასვლელი და იქაური ამბები ხომ იცოდა და იცოდა.
2000-ანების შუაში სამსახურიდან გამოუშვეს ისე, რომ ბოლო 5 თუ 6 თვის ხელფასიც არ მიუციათ. მერე როცა ავად გახდა, ეს სახელფასო დავალიანება ჩვენი დიდი იმედი იყო, ტყუილად ველოდით, მამა თანდათან ილეოდა და ეს ფული არ ჩანდა. არ ჩანდა და არ ჩანდა. წამლები მაინც საიდანღაც ჩნდებოდა ნათესავების და სხვების დახმარებით. მერე უცებ, აღმოვაჩინე, რომ გიგლამ ბავშვის სუნი დაკარგა, წამლის სუნი მოერია ამ სუნს, ბავშვის სუნს, რომლის გამოც ჩემი ვერსიით ყველაფერი ეპატიებოდა. ცოტა ხანში გარდაიცვალა კიდეც.
თვითონ არცერთხელ დაუწუწუნია, ამიტომ არც მე მინდა ვიწუწუნო, ოღონდ ის კი უნდა ვთქვა, რომ ქართული სახელმწიფო ნაბიჭვრულად ექცევა იმათ, ვინც ომში მიდის და საკუთარ სხეულს ტყვიებს და ნაღმმტყორცნებს უშვერს.
ომში ფულის გამოც ხშირად მიდიან, განა არა, დამუშავებულები და დაზომბებულებიც მიდიან, მაგრამ სხვა მიზეზებითაც მიდიან. ეს ზუსტად ვიცი, ეს მინახავს და ვიცი.
რა მნიშვნელობა აქვს, რატომ წავიდა საომრად ალექსანდრე გრიგოლაშვილი, მე ის მიკვირს, რატომ უნდა მიაწყევლო, ან შიშნარევი ზიზღით რატომ უნდა გახედო. საწყენია უბრალოდ. საწყენია, აბა რა არის...
ავტორი:გიორგი ხასაია
წყარო: http://blogs.liberali.ge/
მასალის გამოყენების პირობები






