"ლიზი ხელიდან დასხლტომია, მაგრამ ისევ დაუჭერია და ხელით გაუგუდავს..."
საზოგადოება - 12:41, 18 Dec, 2014     16599
სამტრედიის რაიონის სოფელ ღანირში, 39 წლის მზია ნინუამ მასთან სტუმრად მყოფი, 4 წლის გოგონა, ლიზი შენგელია, მოკლა. ამის შესახებ მან სამართალდამცავებს ბავშვის დაკრძალვის შემდეგ უამბო. მანამდე კი ჭირისუფალსაც და მთელ სოფელსაც იმ ვერსიის სჯეროდა, რასაც მზია ნინუა ამბობდა, რომ იმ დღეს ბავშვი დაბანა, დააძინა, ოთახში შესულს კი მკვდარი დახვდა.

გოგონას ოჯახს ეჭვები მაშინვე გაუჩნდა, რადგან ბავშვი ჯანმრთელი იყო. ამიტომ ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვეს. სანამ ექსპერტიზის პასუხები გახდებოდა ცნობილი, მანამდე მზია ნინუამ დანაშაული ჯერ ქმართან აღიარა, შემდეგ კი – სამართალდამცავებთან. ის ამჟამად დაპატიმრებულია.

მზია ნინუა მოკლული გოგონას ოჯახის ნათესავია – ლიზის მამის ბიცოლაა. რამდენიმე თვის წინ მას დიდი უბედურება დაატყდა თავს, 11 წლის შვილი, ვაჟი, მდინარე ცხენისწყალში დაეხრჩო. ამბობენ, რომ ქალს ამის შემდეგ ფსიქიკა შეერყა, თუმცა ლიზი შენგელიას დედა, ლელა ახალაძე, ფსიქიკურ აშლილობას გამორიცხავს და მოითხოვს, რომ მზია ნინუას მკაცრი სასჯელი შეეფარდოს, გასამართლდნენ ასევე მისი დედა და შვილი.

ლელა ახალაძე:

– მზია ჩემი ქმრის ბიცოლაა. ჩვენთან ხშირად დადიოდა. ჩვენი სახლიდან 2 კილომეტრში ცხოვრობს. შვილმკვდარი დედაა. ამიტომ სულ ცდილობდა, ჩვენი რომელიმე ბავშვი თავის სახლში წაეყვანა. ლიზის გარდა ერთი შვილი კიდევ მყავს, 2 წლის ბიჭი. მაზლის შვილებიც ჩემთან არიან. მზიასთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, რომელ ბავშვს წაიყვანდა. ლიზის ხშირად ეუბნებოდა, კანფეტებს, შოკოლადებს გიყიდი და ყველგან გატარებო.

– ქალბატონო ლელა, იმ დღეს რა მოხდა, ლიზი რატომ წაიყვანა?

– 28 ოქტომბერს, სამშაბათს, მზია ჩემთან მოვიდა. ბავშვი წაიყვან–მოიყვანა. ბოლოს ისევ ჰკითხა, ლიზი, ჩემთან წამოხვალო. ჩემმა შვილმა უპასუხა, კი, მზია ბებო, წამოვალო. როცა მეც ვრჩებოდი მათთან, ბავშვიც რჩებოდა. იმ სამშაბათს პირველი დღე იყო, როცა ჩემი შვილი იმ ოჯახში მარტო უნდა დარჩენილიყო. მეორე დღეს კი მივიდოდი და წამოვიყვანდი. ჩემმა გოგონამ მითხრა, დედიკო, ხვალ მომაკითხეო. მზიას ვუთხარი, თუ ლიზიმ მოიწყინა, მესიჯი მომწერე ან დამირეკე და მაშინვე იქ გავჩნდები–მეთქი.
ბავშვი შუადღისას წაიყვანა. საღამოს 7 საათი იქნებოდა, მზიამ მესიჯი რომ მომწერა, შენი შვილი კარგად არის, ფეხები დავბანეო. საღამოს, ასე 10 საათისკენ, მზიას ძმამ, საშამ, დამირეკა, შენი შვილი მოწყენილია, მოდი და წაიყვანეო. სინამდვილეში კი მკვდარი ყოფილა! ტელეფონშივე ვუყვირე, ჩემი შვილი როგორც წაიყვანეთ, ისე მოიყვანეთ–მეთქი. ტელეფონი მაგიდაზე დადებული არ მქონდა, რომ მზიას დედამ, ლალი ნინუამ, დამირეკა, დროზე მოდი, აივანი ხალხითაა სავსე, შენი შვილი არ არისო.
ჩემი ქმრის ბიძა იყო თბილისიდან სტუმრად ჩამოსული, მისი მანქანით მივვარდი. სასწრაფო დახმარება, პოლიცია უკვე იქ იყო. ჩემი შვილი სად არის–მეთქი, ვიყვირე. გავიხედე და ლიზი ლოგინზე იწვა, ფეხები, ხელები შეხვეული ჰქონდა, ყბა – აკრული. რა დაემართა–მეთქი. მზიამ მიპასუხა, დავაწვინე, მერე რომ მივედი და შუქი ავანთე, ბავშვი მკვდარი დამხვდაო... თუ არ გავგიჟდებოდი, არ მეგონა!..
ბავშვი სრულიად ჯანმრთელი იყო, არაფერი აწუხებდა. ვინმეზე ხელის დადება და ცოდვის თქმა ძალიან ძნელია, ამიტომ ვთქვი, რომ ექსპერტიზას ჩავუტარებდი.


– ანუ თავიდანვე ეჭვი შეგეპარათ მზიას სიტყვებში?

– არა. მასზე რაიმე ეჭვი რომ მქონოდა, ეზოში არ შემოვუშვებდით და არც ბავშვს გავატანდით. რადგან ლიზი ჯანმრთელი იყო, ამიტომ ვარჩიეთ, ექსპერტიზა ჩაგვეტარებინა. ექსპერტიზა რომ ვახსენე, მზიამ, მისმა შვილმა და დედამ სხვანაირი სახე მიიღეს, ერთმანეთს რაღაც გადაულაპარაკეს.
მზია ჩვენთან პანაშვიდზე, სამძიმარზე დადიოდა. გასვენებაშიც იყო მოსული, ბავშვს სურათიც კი გაუკეთა. მითხრა, ლოცვებს დაგიწერ, ლიზის წაუკითხეო.

– სიმართლე როგორ შეიტყვეთ, ექსპერტიზის ჩატარების შედეგად?

– არა, ექსპერტიზის პასუხი ჯერ არ მოსულა. მზიამ პოლიციაში თვითონ აღიარა, ლიზი მე გავგუდეო. თურმე საჭმელად უნდა დამსხდარიყვნენ, როცა მზიამ თავის ქმარს უთხრა, ლიზი მიდგას თვალწინ, არ მასვენებს და რაღაც უნდა გითხრაო. ამის შემდეგ ქმარს უთხრა, ლიზი მე გავგუდეო და პოლიციაშიც თავისი ფეხით წავიდა.

– როგორ ჩაიდინა ეს შემზარავი მკვლელობა?

– 4 წლის ბავშვმა რა დაუშავა, არ ვიცი... თვითონ ყვება, იმ ღამეს ალბომში ჩემი მკვდარი შვილის ფოტოებს ვათვალიერებდი, შემდეგ ბავშვთან მისვლა დავაპირე, მაგრამ უკან დავიხიე, მერე ისევ მივედი, პირზე ხელი დავადეო. ლიზი ხელიდან დასხლტომია, მაგრამ ისევ დაუჭერია და ხელით გაუგუდავს... ჩემს შვილს და მზიას შვილს, მაიას, თურმე ერთად ეძინათ. მაია 19 წლისაა. ის ამბობს, ვხედავდი, ლიზი როგორ იტანჯებოდა, ფეხებს და ხელებს როგორ ამოძრავებდა, თვალებს ზემოთ–ზემოთ როგორ ქაჩავდაო.

– კი მაგრამ, თუ დაინახა, რატომ არ მიეშველა ბავშვს?
– აი, მეც ამას ვამბობ! ხომ შეეძლო, დედისთვის ხელი ეკრა?! ან გარეთ გასულიყო, ეკივლა, ხომ შეეძლო, ბავშვს მიშველებოდა?! მაია ამბობს, ვხედავდიო. მზია ამბობს, ორივეს ეძინა და ლიზი მე გავგუდეო. მინდა, რომ მაიაც და მზიას დედაც, ლალიც, საკადრისად დაისაჯონ, უმაღლესი სასჯელი მისცენ ან გადასახლდნენ აქედან!

– რას ამბობს მზია ნინუა, ბავშვი რატომ მოვკალიო?

– ჩემი შვილის გასვენებაში ლიზი იცინოდა და ამიტომ მოვკალიო. 4 წლის ბავშვმა რა იცის!
– იმასაც ამბობენ, რომ უთქვამს, არ მინდოდა, ჩემი შვილი მარტო ყოფილიყო და ლიზი მასთან გავუშვიო.

– ეს არ ვიცი.

– მისი შვილი რითი გარდაიცვალა?
– 2–3 თვის წინ 11 წლის ბიჭი ცხენისწყალში დაეხრჩო, საბანაოდ იყო წასული.

– ამბობენ, შვილის გარდაცვალების მერე დაეწყო ფსიქიკური პრობლემებიო.
– ფსიქიკური პრობლემა არ ჰქონდა. გიჟი რომ ყოფილიყო, თავის შვილსა და ჩემს შვილს გაარჩევდა? ან ინტერნეტში შევიდოდა? ან სურათის გაკეთებას შეძლებდა? თუ ფსიქიკურად იყო აშლილი, თავისი შვილი რატომ არ მოკლა და ჩემი რატომ გაგუდა? ინტერნეტით შვილმკვდარ დედებს იმეგობრებდა. სულ ჩემი შვილის ასაკის გოგონებს ფოტოებს მანახებდა ტელეფონში, ეს ბავშვი მოკვდა, ეს ბავშვი მოკვდაო. ამბობდა, ახალ წლამდე ვიღაც უნდა გავამწაროო.

– თუ ასეთ რაღაცეებს ამბობდა, ბავშვი როგორ ანდეთ?
– ისეთი ქალი იყო, ეჭვი ვერანაირად გამიჩნდებოდა. სადაც მისი შვილი დაიხრჩო, იქ ვიღაც ბიჭებიც იყვნენ და ვიფიქრე, ალბათ სხვებზე ამბობს–მეთქი. ამის გამწარება მინდა, იმის გამწარება მინდაო, რამდენჯერმე უთქვამს. ვეუბნებოდი, ასეთ რაღაცეებს ნუ ამბობ, გარდაცვლილს უფრო ბევრი რამის გაკეთება სჭირდება, ვიდრე ცოცხალს–მეთქი. რას ვიფიქრებდი, რომ ჩემს შვილს რამეს დაუშავებდა?! ამის ეჭვიც კი არ მქონია.

– ბავშვის ცხედარი პირველად ვინ ნახა, ეს ამბავი სხვებს ვინ გააგებინა?
– თვითონ მზიამ. როცა დამიმესიჯა, ბავშვი უკვე მოკლული ეყოლებოდა. როცა მათთან მივედი, ლიზი გაყინული იყო. ბავშვი მოგუდა, მერე კარგახანს ადროვა, ბოლოს კი ატეხა კივილი.

– იმ დროს, მისი შვილის გარდა, სახლში არავინ იყო?
– არა. მზიას ქმარი სახლში არ იყო, მეზობელთან ყოფილა. კივილი რომ ატყდა, უფიქრია, ალბათ ჩვენს შვილს დაემართა რამეო. მზიას სულ ეჩხუბებოდა, სხვისი შვილები ნუ მოგყავსო.
როგორც გითხარით, სახლში მზია და მისი ქალიშვილი იყვნენ. მზიას დედა გვერდით ცხოვრობს. 24 საათი შვილთან იყო ხოლმე. როცა პანაშვიდზე ცხედრის გაკვეთა მოვითხოვეთ, ისე ანერვიულდნენ, იმ წუთშივე სახლში წავიდნენ.

– მკვლელობიდან რამდენ ხანში აღიარა დანაშაული?

– ბავშვი 1 ნოემბერს დავკრძალეთ. დაახლოებით ერთ კვირაში დანაშაული აღიარა... ამ ტრაგედიის დღეს ჩემი მეუღლე თბილისში იყო, მუშაობდა. მინდა, ეს ოჯახი სადმე გადასახლდეს, თორემ კიდევ მოხდება მკვლელობა!

წყარო http://sana.ge/




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42