ლარის კურსი სტაბილური გახდა, ყოველ შემთხვევაში მისი გაუფასურების პროცესი შეჩერდა. შეგვიძლია თუ არა მშვიდად ვიყოთ?
ლარის კურსის ვარდნა შეჩერდა, თუმცა ის მაინც გაუფასურდა დოლართან მიმართებაში დაახლოებით 6%-ით.
მომავალში ლარის კურსი დამოკიდებული იქნება ზოგადად ეკონომიკური პროცესების განვითარებაზე ქვეყნის შიგნით თუ გარეთ და კონკრეტულად სწორ სახელმწიფო ეკონომიკურ პოლიტიკაზე.
საქართველოში მოქმედებს ლარის კურსის არა ფიქსირებული არამედ მცურავი გაცვლითი რეჟიმი, რომელიც სავალუტო ბაზარზე მოთხოვნა - მიწოდების გავლენით ყალიბდება და რომელსაც ობიექტურად ახლავს რყევები, ზოგჯერ მკვეთრიც.
ეროვნული ვალუტის კურსის წონასწორობის დარღვევა ნებისმიერ მხარეს(როგორიცაა: დევალვაცია, რევალვაცია) წარმოადგენს შეშფოთების საგანს. ხელისუფლების პირდაპირი მოვალეობაა ყველა შემთხვევისთვის იყოს მზად და დროულად მოახდინოს ჩარევა, რა თქმა უნდა ეკონომიკური ბერკეტებით, ისეთი როგორიცაა ვთქვათ ბაზარზე უცხოური ვალუტის დამატებითი რაოდენობით გამოტანა და ასევე ინფორმირებული ყავდეს საკუთარი მოსახლეობა.
ზოგადად გასაგებია, მაგრამ კონკრეტულად ჩვენს შემთხვევაში რამდენად ადექვატური იყო ხელისუფლება, ასე ვთქვათ ლარის კურსზე შეტევაზე?
ლარის კურსთან დაკავშირებით, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახა რომ, ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა უკომპასო გემის მსგავსია, რომლის ეკიპაჟი ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხელსაწყოს ძებნით კი არ არის დაკავებული, არამედ ერთმანეთში ”საქმის გარჩევით”. მოსალოდნელი კატასტროფის დროს კი ასეთი ეკიპაჟი პირველ რიგში საკუთარი თავის და არა მგზავრების გადარჩენაზე იზრუნებს.
ლარის სპრინტერული ტემპით ვარდნის ფონზე, საზოგადოება ხელისუფლების მხრიდან ელოდა ეკონომიკურ შეფასებას, ანალიზს და რაც მთავარია დასაბუთებულ იმედისმომცემ დროულ განცხადებას, რაც ასე მნიშვნელოვანია ისეთი მგძნობიარე თემისთვის, როგორიც ეროვნული ვალუტის კურსია, რეალურად კი მოქალაქეები სახელისუფლო ურთიერთბრალდებებისა და ბუნდოვანი განცხადებების ამარა დარჩა.
საგანგაშოა როცა ეკონომიკა მძევალი ხდება პოლიტიკის, ეს ერთი და მეორე, როცა კითხვას თუ რეალურად რასთან გვაქვს საქმე და რა იქნება ხვალ, აშკარად არაკომპეტენტური პასუხები მოსდევს, სახეზეა არანაკლებ საგანგაშო ფაქტი, არაპროფესიონალიზმი. მმართველი გუნდის რეკლამირებულმა ე.წ. ხელისუფლების ეფექტურმა მენეჯმენტმა აქაც ფიასკო განიცადა.
და მაინც რა უნდა გააკეთოს ამ დროს ხელისუფლებამ?
როცა ეროვნული ვალუტის კურსის ასეთ რყევას განიცდის, მდგომარეობა ითხოვს მთავრობისა და ეროვნული ბანკის ერთობლივ ძალისხმევასა და კოორდინაციას. მოხდა საპირისპიროდ. მთავრობამ პასუხიმგებლობა ეროვნულ ბანკს დააკისრა, ხოლო ეროვნული ბანკი თავის მხრივ პარლამენტის დადგენილებას ამოეფარა, რომლის თანახმად მისი ვალდებულება მხოლოდ ინფლაციის კონტროლით შემოიფარგლება. ლარის გაუფასურების ფასი კი ბიზნესმა, უფრო მეტად მცირემ და იმ მოქალაქეებმა გადაიხადეს, რომელთაც კრედიტები უცხოურ ვალუტაში აქვთ აღებული, ასევე იმპორტით, შემოტანილი საქონლის ადგილზე რეალიზაციით ან მისი წარმოებაში გამოყენებით არიან დაკავებულნი. მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ”ხელები დაიბანეს”.
გაურკვევლობა და სიცხადის არქონა ყოველთვის არის საფუძველი სხვადასხვა ინტერპრეტაციებისა და ეჭვის, მათ შორის ხომ არ აქვს ადგილი სავალუტო მანიპულაციებს. რეალურად გაჩნდა განცდა, რომ ხელისუფლება ან ვერ აკონტროლებს სიტუაციას, ან რაღაცას მალავს. სახელისუფლო ინსტიტუტების ამგვარმა ქცევამ დამატებით იმოქმედა ლარის გაუფასურებაზე, მომავალში კი შეიძლება ეროვნული ვალუტისადმი ნდობის ხარისხის შემცირების ერთერთი ფაქტორი გახდეს.
შეიძლება უბრალოდ არავინ ელოდა მოვლენათა ასეთ განვითარებას?
ჯერ კიდევ წლის დასაწყისში კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციები, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი და ევროპის განვითარების ბანკი გვაფრთხილებდნენ, რომ ევროკავშირში, რუსეთში, ჩინეთსა და თურქეთში შიდა მოთხოვნის შემცირება, ასევე უკრაინასთან დაკავშირებული გეოპოლიტიკური რისკები უარყოფით გავლენას იქონიებდა საქართველოზე, კერძოდ შემცირდებოდა ვაჭრობის და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციების, ქვეყანაში უცხოურ ვალუტაში გზავნილების მოცულობები.
ჯერ კიდევ წლის დასაწყისში ცნობილი იყო საერთაშორისო პროგნოზი რუსული რუბლის, ყაზახური ტენგეს, უკრაინული გრივნის, თურქული ლირის დევალვაციის თაობაზე.
ამ პერიოდში მოხდა გლობალური ეკონომიკური ძვრები. კერძოდ, სტრატეგიულად შეიცვალა მსოფლიო ინვესტიციების მიმართულება, პრიორიტეტული გახდა არა განვითარებადი ბაზრები, რომელთა რიცხვს საქართველოც მიეკუთვნება, არამედ წამყვანი ქვეყნების ეკონომიკები, ასევე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაამკაცრა სავალუტო პოლიტიკა, შეამცირა რა არაფრით უზრუნველყოფილი დოლარების ბეჭდვა და გაზარდა შიდა კრედიტებზე განაკვეთები, რამაც ობიექტურად გამოიწვია საერთაშორისო სავალუტო ბაზრებზე დოლარის გაძლიერება.
გამოდის რომ მთავარი მიზეზი, თუ ერთადერთი არა, საგარეო ფაქტორი ყოფილა?
ჩვენი ეკონომიკია ღია ეკონომიკაა, რაც ნიშნავს მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესებისადმი მის მგძნობიარობას. ხელისუფლებამ არა მარტო უნდა იცოდეს ქვეყნის გარეთ რა ხდება, არამედ ჰქონდეს მათზე ადექვატური რეაქცია. პრაქტიკაში აღიარებულია რამოდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომლებიც მოქმედებენ ეროვნული ვალუტის კურსზე. ჩემი აზრით ჩვენ შემთხვევაში ესენია: მზარდი უარყოფითი სავაჭრო ბალანსი, საბიუჯეტო ხარჯებიდან აქცენტის გადატანა ინვესტიციურიდან მიმდინარეზე, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო დასკვნაში აღინიშნა, ინვესტიციების და საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების კლება, ოქტომბრის თვეში ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება. არის კიდევ არაეკონომიკური ფაქტორები, კერძოდ ხელისუფლების ქცევა, რის შესახებ ზემოთ ვისაუბრეთ და პოლიტიკური სისტემის სტაბილურობა. ბუნებრივია შეიძლება იყოს სხვა მიზეზები რასაც სათანადო შესწავლა და გარკვეული დრო ჭირდება. ყველა შემთხვევაში, ხელისუფლება პასუხისმგებლობას ვერ აირიდებს.
თქვენ ახსენეთ პასუხისმგებლობის საკითხი, ხელისუფლების რომელი სახელმწიფო სტრუქტურაა არის პასუხისმგებელი ეროვნული ვალუტის სიმყარეზე, მთავრობა ეროვნული ბანკისკენ იშვერს ხელს, ეროვნული ბანკი პირიქით?
ორივე და საკუთარი წილი პასუხისმგებლობით, რიგითი მოქალაქისთვის კი ორივე სახელმწიფოს წარმომადგენელია, რომლისგანაც ის სტაბილურ ეკონომიკურ გარემოს ითხოვს.
ის, რომ ქვეყანას უარყოფითი სავაჭრო ბალანსი აქვს და იმპორტის მოცულობა გაზრდილია, რაც პირადაპირ იწვევს ქვეყნიდან მილიარდობით დოლარისა და ევროს გადინებას, და შედეგად ლარის გაუფასურებას. ის რომ ჩვენი მოსახლეობის პირველადი მოთხოვნილების საქონელით უზრუნველყოფა ძირითადად იმპორტზეა დამოკიდებული და ლარის გაუფასურება აძვირებს ისედაც გაუსაძლის მდგომარეობაში მყოფ ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობის ცხოვრებას. ის, რომ დღემდე ქვეყანაში არ არსებობს ეფექტური ანტიმონოპოლიური პოლიტიკა, იგივე, სახელმწიფოს მიერ არ არის დაცული და უზრუნველყოფილი კონკურენტული გარემო, რაც პირდაპირ კავშირშია ეკონომიკის განვითარებასა და ეროვნული ვალუტის სიმყარესთან. და რომ ყველაფერ ამაზე პირველი რიგის პასუხიმგებელი აღმასრულებელი ხელისუფლებაა, მთავრობას უნდა ახსოვდეს.
თავის მხრივ, ეროვნულ ბანკს, როგორც საბანკო სისტემის სტაბილურობის გარანტს უნდა ახსოვდეს, რომ მცირე ბიზნესი ლარის კურსის არასტაბილურობით მუდმივად გაკოტრების საფრთხის წინაშე დგას. ამ უკანასკნელს კი მწარედ ახსოვს 2009 წლის ეკონომიკური კრიზისი, როცა ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს დაეხმარა, რაც სწორი ნაბიჯი იყო, მაგრამ არასწორი იყო ასევე გასაჭირში მყოფი ბანკის მევალე მეწარმეებისა და მოქალაქეების სახელმწიფო მხარდაჭერის გარეშე დატოვება.
ეროვნული ვალუტის სტაბილურობა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მისი მინიშნება აუცილებლად ჩათვალეს ევროს გრაფიკული სიმბოლოს შექმნისას, ორი პარალელური ხაზის სახით, ისევე როგორც ლარის აღმნიშვნელ სიმბოლოში, ქართული „ლასის“ ვერტიკალური ორი ხაზი, გარდა ასოს ორგანული ნაწილისა ლარის სტაბილურობის ნიშანია.
ითამაშა თუ არა პოლიტიკურმა სიტუაციამ ამ შემთხვევაში და ზოგადად იქონიებს თუ არა გავლენას მომავალში?
ეკონომიკა ყველა ფაქტორისადმი მგძნობიარე სფეროა, მათ შორის პოლიტიკურის. ხელისუფლებაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, წამყვანი მინისტრების გადადგომა, მმართველ კოალიციაში პოლიტიკური რყევები, დასავლელი პარტნიორების შეშფოთება ქვეყნის საგარეო კურსთთან დაკავშირებით, პრეზიდენტსა და მთავრობას შორის დაძაბული ურთიერთობა რა თქმა უნდა გავლენას ახდენს ეკონომიკაზე.
სახელისუფლებო კრიზისის ზღურბლბზე მდგარი ქვეყანა ცხადია ინვესტიციურად ნამდვილად ვერ იქნება მომხიბვლელი. ბიზნესი ყოველთვის უფრთხის არასტაბილურობას, რაც მის აქტიობაზე აისახება და საბოლოოდ ეკონომიკის ზრდაზე ახდენს გავლენას. ასე რომ, ხელისუფლებამ ოპოზიციაში, მედიაში, ზოგადად სამოქალაქო საზოგადოებაში კი არა, საკუთარ თავში უნდა ეძებოს წარუმატებლობის მიზეზები.
მასალის გამოყენების პირობები






