სამწუხაროდ, დღეს ვაკვირდებით საყდრისის კულტურულ და არქეოლოგიურ ძეგლთან დაკავშირებით მიმდინარე უკიდურესად საგანგაშო მოვლენების მიშაზე გადაბრალების ყოვლად უსინდისო მცდელობას. კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ ამ კამპანიაში ჟურნალისტებიც მონაწილეობენ - იმედი მაქვს, კომპეტენციის ნაკლებობის გამო (ეს თუ გამართლებაა) და არა - შეგნებულად.
გუშინ „ლიბერალმა“ გამოაქვეყნა პუბლიკაცია საყდრისის მოვლენების შესახებ მიხეილ სააკაშვილის პოზიციის შესახებ და იქვე მიუთითა, რომ „ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლების ნუსხიდან საყდრისი-ყაჩაღიანის ობიექტის ამოღება პირველად, 2013 წლის 10 ივლისს სწორედ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის N563 ბრძანებულების საფუძველზე მოხდა“ (http://www.liberali.ge/ge/liberali/news/122285/)
ეს განცხადება ტყუილია და, ამიტომ, მინდა, მეტი სიცხადე შევიტანო ამ საკითხში:
საყდრისი-ყაჩაღიანის ობიექტს პირველად სწორედ წინა ხელისუფლების დროს (2006წლის 30 მარტს) კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით №3/133 მიენიჭა უძრავი ძეგლის სტატუსი.
2006 წლის 17 ივლისის კულტურისა და ეკონომიკის მინისტრების ერთობლივი ბრძანების №3/225-N1-1/616 საფუძველზე ობიექტს დაუდგინდა არქეოლოგიური დაცვის ზონა.
შესაბამისად, 2006 წლის 7ნოემბერსსაქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით №665 ობიექტს მიენიჭა ეროვნული კატეგორია.
აქ უნდა გავაკეთოთ ორი შენიშვნა:
1. ძეგლი სწორედ ამ სტატუსით არსებობდა წინა ხელისუფლების მმართველობის ბოლომდე.
2. ობიექტის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო შესაბამისმა სამინისტრომ, ხოლო პრეზიდენტის ბრძანებულებით სწორედ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად შევიდა იგი ეროვნული კატეგორიის ობიექტთა ნუსხაში.
განსხვავებული მიდგომები დაიწყო ხელისუფლების შეცვლის შემდეგ. კერძოდ:
2013 წლის 28 მაისს კულტურის მინისტრის ბრძანებით, შეიქმნა კომისია, რომელსაც უნდა შეესწავლა ძეგლისთვის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია. როგორც ამ კომისიამ შემდეგში დაადგინა, რომ ობიექტს სტატუსი მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონის და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევით.
2013 წლის 5 ივლისს
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებით №3/108 ობიექტს გაუუქმდა ძეგლის სტატუსი:
ივანიშვილის მთავრობამ ჩვეულ სტილში და, სავარაუდოდ, კონკრეტული თანამდებობის პირების კერძო ინტერესის გამო, გადაწყვიტა, რომ სააკაშვილის ხელისუფლების ერთ-ერთი ძალიან სწორი გადაწყვეტილება უკანონოდ გამოეცხადებინა.
მინისტრმა ოდიშარიამ აღნიშნული ბრძანებით საერთოდაც ბათილად გამოაცხადა გოკა გაბაშვილის მიერ 2006 წელს გამოცემული ზუსტად ის სამართლებრივი აქტი, რომლითაც საყდრისი-ყაჩაღიანს უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა, შესაბამისად ამობიექტს კულტურის ძეგლის სტატუსი საერთოდ აღარ გააჩნდა და სამინისტრომწერილით მიმართა პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომ შესულიყო ტექნიკური ხასიათის ცვლილება პრეზიდენტის ადრინდელ ბრძანებულებაში და ეროვნული სტატუსის ძეგლთა სიიდან ამოღებულ ყოფილიყო ობიექტი, რომელსაც ძეგლის სტატუსი მინისტრის აღნიშნული ბრძანებით უკვე დაკარგული ჰქონდა. სამწუხაროდ, ადმინისტრაციის წილად მხოლოდ არსებული ვითარების ტექნიკური გაფორმებაღა რჩებოდა.
ამიტომ, 2013 წლის 10 ივლისს გამოცემული პრეზიდენტის №563 ბრძანებულება ასახავს არა პრეზიდენტის დამოკიდებულებას ამ ობიექტის მიმართ, არამედ ეს იყო 1) ტექნიკური ხასიათის ცვლილება, გამომდინარე მთავრობის მიერ უკვე მიღებული გადაწყვეტილებიდან; 2) თავად სამინისტროს მოთხოვნა; 3) ემსახურებოდა მხოლოდ იმას, რომ ეროვნული კატეგორიის ძეგლთა სიიდან ამოღებულიყო ობიექტი, რომელმაც უკვე (!) დაკარგა ძეგლის სტატუსი.
ეს უკვე იყო წმინდა სახის ფორმალობა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას ამ დროისთვის სამართლებრივი არჩევანი საერთოდ არ გააჩნდა მთავრობის შესაბამისი პოზიციის ფონზე.
ამის შემდეგ მთავრობა კიდევ უფრო შორს წავიდა და 2013 წლის 7ოქტომბერსსაქართველოს მთავრობის №1436 განკარგულებით ობიექტს გაუუქმა არქეოლოგიური ზონა.
იმედი მაქვს, რომ ჟურნალისტები და სხვადასხვა სახის კრიტიკოსები მომავალში უფრო მეტ დაკვირვებას გამოიჩენენ სამართლებრივი პროცესების კომენტირებისას.
მასალის გამოყენების პირობები






