საქართველოში მალე სავალდებულო ავტოდაზღვევის კანონი ამოქმედდება. კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს დაზღვევის სახელმწიფოს ზედამხედველობის სამსახურია.
"კვირის ქრონიკასთან" საუბრისას საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტის პრეზიდენტი გიორგი გიგოლაშვილი ამბობს, რომ თავდაპირველი ვერსიით დაზღვევის მინიმალური პაკეტის ფასი 100 ლარი იყო, თუმცა შემდეგ ეს ციფრი შეიცვალა.
„რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, სწორედ ახლა მიმდინარეობს ამ კანონის ტექნიკური დეტალების დამუშავება. დაუშვებელია სისტემაში გაიპაროს ისეთი შეცდომები, რომლის გამოსწორებაც ქვეყანას მომავალში ძვირი დაუჯდება. სხვათა შორის, შვედეთში 1926 წლიდან არის ძალაში ეს კანონი, ჩვენთან კი 2014 წელია და ჯერაც არ მოქმედებს. რაც შეეხება ფასს, თავდაპირველი ვერსიით, ავტოდაზღვევა ას ლართან მიახლოებული უნდა ყოფილიყო, მაგრამ მოგვიანებით რატომღაც ასმა დოლარმა გაიჟღერა... დაველოდოთ დათვლას და ანგარიშს... რა თქმა უნდა, განვადების სქემაც აუცილებლად იქნება ჩადებული სისტემაში. ისე, თუ ას დოლარზე მეტი იქნა ფასი დადგენილი, მე კი ვარ დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, მაგრამ, პირველი ვიქნები, ვინც წინააღმდეგი წავა ასეთი მაღალი ფასის!“, - ამბობს გიგოლაშვილი.
რაც შეეხება დაზარალებულებზე სადაზღვევო კომპანიების მხრიდან ანაზღაურებას, კანონში გათვალისწინებული იქნება შემდეგი რისკების ანაზღაურება:
1) როდესაც ავტოტრასპორტის მფლობელი, მძღოლი, შეეჯახება სხვა ადამიანს ან ადამიანებს - დაზარალებულს შეიძლება დაუზიანდეს სხეული, სერიოზულად შეერყას ჯანმრთელობა, ან გარდაიცვალოს. ამ შემთხვევაში დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური დაითვლის, რამდენი დასჭირდება დაზარალებულს (საშუალო და მაქსიმუმი თანხა), ავარიის შედეგად მიღებული დაზიანების მკურნალობისთვის,
2) დაზარალებული ადამიანის გარდაცვალების შემთხვევაში. თანხა სავარაუდოდ, დაახლოებით, ათი ათას დოლართან იქნება მიახლოებული.
3) სხეულის დაზიანების შემთხვევა შეფასდება გრადაციებით - მსუბუქი, მძიმე, ძალიან მძიმე; 4) დაზღვეული ავტომობილის მძღოლი შეეჯახა სხვა ავტომობილს ან ავტომობილებს;
5) ერთ-ერთი ინოვაცია ამ კანონში, როდესაც დაზღვეული ავტომობილის მძღოლი შეეჯახება და დააზიანებს სხვის უძრავ ქონებას და არა ავტომობილს. მაგალითად, განათების ბოძს (სახელმწიფო კუთვნილება), ან პირველ სართულზე არსებულ ოფისს, მაღაზიას, საცხოვრებელ სახლს...
მასალის გამოყენების პირობები






