ფასების ვარდნა დაფიქსირდა ლონდონის ICE ბირჟაზეც სადაც Brent-ის მარკის ნავთობის ფასი მიუახლოვდა ფსიქოლოგიურად მნიშვნელოვან ზღვარს $63. Brent-ი $0,66-ით გაიაფდა და $63,02-მდე შემცირდა.
ნავთობის რეკორდულმა გაიაფებამ რეკორდულად დაასუსტა რუბლი. დღეს ევრომ უკვე გადალახა ფსიქოლოგიურად მიშვნელოვანი ზღვარი 71 რუბლი.ანალოგიურად, დოლარი პირველად გასცედა 57 რუბლს. ბოლო დღეების განმავლობაში რუბლის კურსის დაცემა დაჩქარდა და რეკორდულად გაუფასურდა.
რუბლის ვარდნაზე მნიშნელოვანი გავლენა მოახდინა რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს ახალმა პროგნოზმა, რომლის მიხედვითაც 2015 წლის დასაწყისში ნავთობის გაძვირება მოსალოდნელი არ არის და ფასი $60-$65-ის ფარლგებში დარჩება.
ირანის პრეზიდენტმა ნავთობის გაუფასურება ისლამური სამყაროს წინააღმდეგ დაგეგმილ პოლიტიკურ შეთქმულებად შეაფასა, ხოლო საუდის არაბეთი ღალატში დაადანაშაულა.არადა ფასების ვარდნის ბოლო ტალღა ირანის დამსახურებაცაა, რომელმაც განაცხადა, რომ ბირთვული პროგრამის დასაფინანსებლად ნავთობის დღიურ მოპოვებას 4,8 მილიონ ბარელამდე ზრდის.
ფასების ვარდნის ახალ ტალღას წინ უსწრებდა ცნობა იმის თაობაზე, რომ საუდის არაბეთისა და ერაყის მსგავსად ქუვეითმაც ნავთობზე ფასდაკლება გამოცხადა და აზიელ მომხმარებლებს რეკორდული დისქაუნთი შესთავაზა.
გარდა ამისა, ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციამ (OPEC) გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც 2014 წლის ნოემბერში OPEC-ის დღიური ნავთობმოპოვება 390 ათასი ბარელით შემცირდა. ორგანიზაციის პროგნოზებით, 2015 წელს OPEC-ის ნავთობზე უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე დაბალი მოთხოვნა იქნება.
ნავთობზე ფასები ვარდნის კიდევ ერთი მიზეზი აშშ-ში ნავთობის მოპოვების ზრდის მოლოდინია. ერთი კვირის განმავლობაში აშშ-ში ნავთობის ყოვედღიურმა მოპოვებამ რეკორდულ მაჩვენებელს 9,08 მლნ ბარელს მიაღწია. ასეთი ნიშნულისთვის ამერიკას 1983 წლის იანვრის შემდეგ არ მიუღწევია. ბაზრის მოთამაშეები თვლიან, რომ მოპოვების ზრდის პრიცესი აშშ-ში მომავალშიც გაიზრდება.
ნავთობის ექსპორტიორებისათვის პესიმისტურ პროგნოზებს უკვე რუსეთიც ეთანხმება - რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს ახალმა პროგნოზმა, რომლის მიხედვითაც 2015 წლის დასაწყისში ნავთობის გაძვირება მოსალოდნელი არ არის და ფასი $60-$65-ის ფარლგებში დარჩება.
შეგახსენებთ, რომ ივნისიდან დაწყებული ნავთობზე ფასები დაახლოებით 40%-ით დაეცა და მიუხედავად ამისა, 27 ნოემბერს OPEC-მა ნავთობმოპოვების მოცულობა უცვლელად დატოვა. OPEC-ის სამიტზე კარტელის წევრმა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებმა, საუდის არაბეთის მეთაურობით, ნათლად მიანიშნეს, რომ მზად არიან აიტანონ ნავთობის დაბალი ფასები რათა ბაზრის წილი არ დაკარგონ აშშ-ში. ნავთობის გაიაფების ძირითადი მიზანია, შეჩერდეს ფიქალის ნავთობის ბუმი აშშ-ში. არაბები იმედოვნებენ, რომ ნავთობის გაიაფება ამერიკაში ახალი საბადოების მაღალტექნოლოგიურ და ძვირადღირებულ ათვისებას შეაჩერებს. აქამდე ითვლებოდა, რომ $75-ის ქვემოთ ნავთობის გაიაფება აშშ-ში ნავთობის მოპოვების ზრდას შეამცირებდა, თუმცა ბოლო მონაცემები საპირისპიროს აჩვენებს. ბოლო მონაცემებით, ფიქალის ნავთობისა და გაზის მოპოვების ტექნოლოგია იმდენად დაიხვეწა და გაიაფდა, რომ ის ნავთობზე ფასების $45-მდე შემცირების პირობებშიც კი მომგებიანობას შეინარჩუნებს.
ნავთობზე მსოფლიო ფასების 50 დოლარამდე დაცემა არ გამორიცხა აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროსთან არსებული ენერგეტიკული ინფორმაციის სააგენტოს(EIA) ხელმძღვანელმა ადამ სემინისკიმ. მისი თქმით, მსგავსი ფასები სრულიად რეალურია. სემინისკის განცხადებით, ანალიტიკოსთა უმრავლესობის პროგნოზებით 2015 წლის გაზაფხულ-ზაფხულისთვის ჩრდილოეთ ამერიკაში საორიენტაციო მარკის ნავთობის WTI-ის (ტეხასის მსუბუქი ნავთობი) ფასი $62-მდე შემცირდება.
მსოფლიო ბანკის პროგნოზებით, რუსეთი 2015 წელს რეცესიას მხოლოდ იმ შემთხვევაში აიცილებს თავიდან თუ ნავთობზე მსოფლიო ფასები $85 დოლარს ასცდება - ასეთ შემთხვევაში ეკონომიკური ზრდა 0%-იანი იქნება. მსოფლიო ბანკის რეალისტური პროგნოზით, 2015 წელს რუსეთის ეკონომიკას დაცემა ელის, კერძოდ მისი მთლიანი შიდა პროდუქტი 0,7%-ით შემცირდება. ეს პროგნოზი ეყრდნობა იმ ვარაუდს, რომ 2015 წელს ნავთობზე მსოფლიო ფასები $78 დოლარი იქნება. ამავე დროს, თუ ნავთობის ფასი $70 იქნება მაშინ რუსეთის მშპ 1,5%-ით შემცირდება.
რუსეთის ეკონომიკასათვის არასახარბიელო პროგნოზები საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა კრისტინ ლაგარდმაც გააკეთა. მისი თქმით, ნავთობზე ფასების ვარდნა საფრთხეს უქმნის ნავთობის ექსპორტიორ ქვეყნებს როგორებიცაა რუსეთი, ირანი, ვენესუელა და ნიგერია. სავალუტო ფონდის ხელმძრვანელი თვლის, რომ „პროცესი რუსეთის ეკონომიკის სიმყიფეს და მოწყვლადობას გაზრდის“.
რუსეთის ფინანსთა მინისტრის ანტონ სილუანოვის აღიარებით, ნავთობის გაიაფებით რუსეთი წელს 100 მლრდ დოლარს კარგავს, როდესაც სანქციების შედეგად მიყენებული ზარალი მხოლოდ 40 მლრდ დოლარად შეაფასა.
სააგენტოს Bloomberg ცნობით, ნავთობსა და გაზზე მოდის რუსეთის ექსპორტის 68% და რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის 50%-ზე მეტი. სააგენტოს ინფორმაციით, 2014 წელს რუსეთის სავალუტო რეზერვები 90 მლრდ დოლარით უკვე შეთხელდა, რამაც მთლიანი შიდა ეროვნული პროდუქტის 4,5% შეადგინა.
ივნისიდან დაწყებული ნავთობზე ფასები დაახლოებით 40%-ით დაეცა. რუსული ნავთობი კი მარტო ნოემბერში 27%-ით გაუფასურდა.
მასალა მომზადებული ,,news.ge“-ს მიერ
მასალის გამოყენების პირობები






