დიღმის მასივის მეორე კვარტლის 8 და 8ა კორპუსები, ასევე მესამე კვარტლის 2, 3 და 31 კორპუსების შიდა გზები დავით ნარმანიამ დიდუბის რაიონის გამგებელ ირმა ზავრადაშვილთან ერთად მოინახულა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.
ჩუღურეთის რაიონში თბილისის მერმა ჩიქობავას N49, ახალციხის N1 და მარჯანიშვილის N59-ში მდებარე იტალიურ ეზოები რაიონის გამგებელთან ზურაბ ჩიკვილაძესთან ერთად მოინახულა, ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო და დახმარება აღუთქვა.
როგორც დიდუბის, ისე ჩუღურეთის რაიონის ოსახლეობა აცხადებს, რომ ეზოების მოწესრიგების თხოვნით დედაქალაქის მერიას წინა წლებში არაერთხელ მიმართეს, თუმცა, უშედეგოდ. აღნიშნულ მისამართებზე მდებარე შიდა ეზოებში უკვე ჩატარებულია საკომუნიკაციო სამუშაოები, მოასფალტება კი მომდევნი წლის პირველ კვარტალში იგეგმება.
თბილისის მერის თქმით, მიმდინარეობს მომდევნო წელს განსახორციელებელი სამუშაოების მონიტორინგი. დავით ნარმანია პოლიტიკური ოპონენტების ბრალდებებსაც გამოეხმაურა იმის თაობაზე, თითქოს მომდევნო წლის ბიუჯეტში არარსებული მისამართები და უკვე გაკეთებული სამუშაოებია შეტანილი.
„ეს სიცრუეა, რადგან სამუშაოების ნაწილი წინა მთავრობის დროს უხარისხოდ გაკეთდა, გზები დაზიანებულია და თავიდანაა გასაკეთებელი. რაც შეეხება იმ შიდა გზებს, რომლებიც საერთოდ არ გაკეთებულა, გამგეობებს უკვე მომზადებული აქვთ დოკუმენტაცია და სამუშაოები ადრე გაზაფხულიდან დაიწყება. 9 წლის განმავლობაში ეს ადამიანები უამრავი განცხადებით მიმართავდნენ გამგეობებს, მაგრამ მათ მოთხოვნებს არავინ აკმაყოფილებდა. ის, რაც გასაკეთებელია ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.
ჩუღურეთის რაიონში, 2015 წლის საბიუჯეტო ასიგნებებით შიდაკვარტალური გზებისა და შიდა ეზოების მოასფალტებისთვის 2 მილიონი ლარია გათვალისწინებული. თანხის 80 პროცენტი მოხმარდება შიდა ეზოების მოასფალტებას, ხოლო დარჩენილი 20 პროცენტი შიდა კვარტალური გზების დაგებას. საშუალოდ ერთი კვადრატი ასფალტის ღირებულება შეადგენეს 30 ლარს.
ჩიქობავას N49, ახალციხის N1 და მარჯანიშვილის N59-ში მდებარე იტალიურ ეზოებში 2015 წლის პირველ კვარტალში იგეგმება ეზოს მოასფალტება. სამივე ეზოში შეცვლილია წყალსადენ-კანალიზაციის ქსელი.
ჩიქობავას N49: იტალიური ეზოს ფართობი არის 250 კვ.მეტრი. აღნიშნულ ფართზე ასფალტის დაგებისთვის საჭირო თანხა 7500 ლარს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები






