აზარტული თამაშების შესახებ კანონში ცვლილებები უნდა შევიდეს - ახალი ინიციატივა
საზოგადოება - 16:43, 13 Dec, 2014     4955
„ხართ თუ არა ონლაინ და ოფლაინ კაზინოების და ტოტალიზატორების მომხმარებელი“, - ამ შინაარსის შეკითხვით არასამთავრობო ორგანიზაციამ „ადამიანი კანონი თავისუფლება“ 100-მდე არასრულწლოვანი გამოკითხა. მათგან 67-მა კითხვაზე დადებითი პასუხი გაცა.

ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგად დადგინდა, რომ ონლაინ კაზინოში რეგისტრაცია, 11 ციფრის კომბინაციით (არარსებული, ან სხვა პიროვნების პირადი ნომრით), ნებისმიერი ასაკის მომხმარებელს შეუძლია, ხოლო კომპანიები ყოველგვარ პასუხისმგებლობას იხსნიან რეგისტრირებულ მომხმარებლებზე. რაოდენობრივი თვალსაზრისით, ონლაინ კაზინოებსა და ტოტალიზატორებს გაცილებით მეტი მომხმარებელი ჰყავს, ვიდრე სხვა სათამაშო დაწესებულებებს. გრძელვადიან პერიოდში კი ეს პროცესი ახალგაზრდებს თამაშზე დამოკიდებულს ხდის. თამაშზე დამოკიდებულება კი ოჯახში ძალადობის ერთ-ერთ მიზეზად ითვლება, რაც დაუშვებელია და დროულ რეაგირებას მოითხოვს.

საგანგანშოა ის ფაქტი, რომ კაზინოები და სხვადასხვა აზარტული სათამაშო დაწესებულებები დედაქალაქის ცენტრში, სკოლებთან და უნივერსიტეტებთან ძალიან ახლოს მდებარეობს, რაც არცერთ ევროპულ სახელმწიფოში არ ხდება. ეს საშინელი პრაქტიკა აუცილებლად უნდა შეიცვალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველგვარი მცდელობა, ახალგაზრდების თამაშზე დამოკიდებულება შეცვალონ სხვა, მათთვის საჭირო და აუცილებელი ინტერესებით, ფუჭი იქნება.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს და ასაკობრივი ცენზი მოქმედებს, როგორც სამორინეებში 21 წლამდე პირთათვის, ასევე 18 წლამდე პირთათვის სათამაშო აპარატების სალონში. კანონის 32-ე მუხლის 1 პუნქტში ვკითხულობთ: „21 წლამდე ასაკის პირისათვის სამორინეში ან/და აზარტულ კლუბში, ხოლო 18 წლამდე ასაკის პირისათვის − სათამაშო აპარატების სალონსა და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილას შესვლა ან/და თამაშობაში (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ თამაშობაში) მონაწილეობა აკრძალულია. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მეშვეობით უზრუნველყოს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ადგილას შესული პირის ასაკის შემოწმება, თუ არსებობს გონივრული ვარაუდის საფუძველი, რომ მისი ასაკი არ აკმაყოფილებს ამ პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს“.

„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, 2009 წლის 15 დეკემბერის №2332–IIს ცვლილებით ბევრ სხვა მუხლთან ერთად, 32-ე მუხლის ზემოთ მოცემული სახით ფორმულირება მოხდა. 2009 წლის 15 დეკემბრამდე არსებული რედაქციით, 32-ე მუხლი შემდეგნაირად იყო ფორმულირებული: 21 წლამდე ასაკის პირისათვის სამორინეში თამაში, ხოლო 18 წლამდე ასაკის პირისათვის სათამაშო აპარატებთან თამაში ან/და სხვა მომგებიან თამაშობებში (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მონაწილეობა აკრძალულია. აზარტული თამაშობების ორგანიზატორი ვალდებულია უზრუნველყოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მეშვეობით მოთამაშეთა ასაკის შემოწმება. ანუ, პრაქტიკულად, 2009 წელს საკანონმდებლო ორგანომ მოხსნა შეზღუდვა, რითაც ბიძგი მისცა ახალგაზრდებს გამხდარიყვნენ თამაშზე დამოკიდებულები. კანონის ხსენებულ მუხლს, რეალურად, მხოლოდ 1 წინადადება დაემატა, რომელშიც ვკითხულობთ: ...თუ არსებობს გონივრული ვარაუდის საფუძველი, რომ მისი ასაკი არ აკმაყოფილებს ამ პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.

„ადამიანი კანონი თავისუფლებას“ შეფასებით, საკანონმდებლო ორგანოს 2009 წლის ეს გადაწყვეტილება ახალგაზდების დეგრადაციას ემსახურება. აღნიშნულ კანონში ცვლილებების განხორციელება აუცილებელია. ორგანიზაცია საქართველოს პარლამენტს რეკომენდაციით მიმართავს. კერძოდ, ორგანიზაციის პოზიციით, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონის 32-ე მუხლის 1 პუნქტი უნდა ფორმულირდეს შემდეგნაირად:

„21 წლამდე ასაკის პირისათვის სამორინეში ან/და აზარტულ კლუბში, ხოლო 18 წლამდე ასაკის პირისათვის − სათამაშო აპარატების სალონსა და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილას შესვლა ან/და თამაშობაში (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ თამაშობაში) მონაწილეობა აკრძალულია. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მეშვეობით უზრუნველყოს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ადგილას შესული პირის ასაკის შემოწმება.

ანუ, დღეს არსებული რედაქციიდან ამოღებულ იქნას შემდეგი წინადადება - ...თუ არსებობს გონივრული ვარაუდის საფუძველი, რომ მისი ასაკი არ აკმაყოფილებს ამ პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.

„პარალელურად, ჩვენ ვიწყებთ მუშაობას კანონში შესატანი ცვლილების ინიცირებაზე პარლამენტში. იმ შემთხვევაში, თუ საკანონმდებლო ორგანო არ გაიზიარებს ჩვენს რეკომენდაციას, დავარეგისტრირებთ საკანონმდებლო ცვლილებას და მაქსიმალურად შევეცდებით ამ ინიციატივის ლობირებას, რათა აღნიშნული ცვლილება აისახოს კანონში“, აცხადებს ორგანიზაცია „ადამიანი კანონი თავისუფლება“-ს წევრი გიორგი მღვდელაძე.

ორგანიზაცია „ადამიანი კანონი თავისუფლება“ მიიჩნევს, რომ ახალგაზრდების მიმართ „გონივრული ეჭვით“ მიდგომა, მით უმეტეს, როცა ეს აზარტულ თამაშობებს ეხება, დაუშვებელია. მღვდელაძის განცხადებით, სწორი საკანონმდებლო რეგულაციები ძირეულად შეცვლის ამ საშინელ პრაქტიკას და ეს ახალგაზრდების განვითარებისთვის გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42