„რამდენიმე კვირაში იქნება წარმოდგენილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ძალიან ფართო დასკვნა, რომელმაც შეაფასა მთლიანად ეროვნული ბანკის მუშაობა და ეს დასკვნა 2006 წლის შემდეგ პირველია, რაც იქნება კიდევ ერთი აღიარება იმ პროგრესის, რომელიც ჩვენ გავიარეთ ბოლო წლების განმავლობაში. კიდევ ერთხელ შემიძლია ვთქვა, რომ ეროვნული ბანკი არის ძალიან გამართული და მოწინავე პროცედურებზე აწყობილი სახელმწიფო სტრუქტურა, რითაც ჩემ გუნდთან ერთად, ნამდვილად ვამაყობ",-განაცხადა ქადაგიძემ.
ქადაგიძე ლარის კურსთან დაკავშირებით პროგნოზს არ აკეთებს და აცხადებს რომ ეროვნული ბანკი ნოემბრისა და დეკემბრის ინფლაციის მაჩვენებელს ელოდება. მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობისთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია გაიგოს თუ როგორ იმოქმედებს ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები ფასებზე.
რაც შეეხება საკითხს, მთავრობის მხრიდან მიმდინარე წლის ბიუჯეტის დარჩენილი თანხის გახარჯვა რა პროცესებს გამოიწვევს ლარის კურსთან მიმართებაში, ქადაგიძის განცხადებით იმის გამო, რომ წლის ბოლომდე 3 კვირაა დარჩენილი და ამ მიმართულებით პროგნოზების კეთება უმადური საქმე იქნება.
"ფისკალური მხარე და ბიუჯეტის გავლენა არ ყოფილა მაპროვოცირებელი ლარის კურსის მერყეობის და იმედი მაქვს წლის ბოლომდე ეს ასეც დარჩება. მთავრობამ და ფინანსთა სამინისტრომ დაადასტურეს, რომ დეფიციტურ ხარჯვას ადგილი არ ექნება", - აღნიშნა ქადაგიძემ.
მისივე თქმით, ეროვნული ბანკი ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებს დაკვირვებას და ინფლაციის ანალიზს.
"ლარის კურსთან დაკავშირებით ჩვენი ხედვა განვმარტეთ. ეროვნული ბანკი ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებს დაკვირვებას და ინფლაციის ანალიზს. გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ნოემბრისა და დეკემბრის ინფლაციის მაჩვენებელს. მას მერე რაც გვექნება ინფორმაცია ინფლაციასა და ფასების ზოგად დონესთან დაკავშირებით, გადავწყვეტთ შევცვალოთ თუ არა ჩვენი მონეტარული პოლიტიკა", - აღნიშნა ქადაგიძემ.
როგორც გიორგი ქადაგიძემ ჟურნალისტებს განუცხადა , ბოლო პერიოდში გავრცელებული განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ეროვნულ ბანკს რეზერვები აღარ აქვს, სიმართლეს არ შეესაბამება.
"ბოლო პერიოდში რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაციები, რომ თითქოსდა ჩვენ აღარ გვაქვს სათანადო რაოდენობის სავალუტო რეზერვი ან ის, რომ რაიმე ფორმით შეზღუდული ვართ ამა თუ იმ ტიპის ინტერვენციაში. სავალუტო რეზერვები საკმარისი ოდენობით გვაქვს, რაც არის გათვალისწინებული საერთაშორისო სტანდარტებით", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
მასალის გამოყენების პირობები






