გაზის გაჟონვით ამოწყვეტილი ოჯახის ისტორია
საზოგადოება - 12:01, 10 Dec, 2014     8128
ახალგაზრდა ცოლ–ქმარს, გია გაბელაიასა და ქეთი დანელიას, ორწლინახევრის წინ დიდი ბედნიერება ეწვიათ. რამდენიმე წლის ლოდინის შემდეგ მათ ოჯახში ვაჟი, ნიკა, გაჩნდა. 9 თვის წინ კი ნინის მშობლები გახდნენ. მართალია, არ ულხინდათ, აფხაზეთიდან დევნილები იყვნენ და საკმაოდ შეჭირვებულად, მცირე ფართში ცხოვრობდნენ, მაგრამ შვილებით ხარობდნენ... 12 ნოემბერს კი თავზარდამცემი ტრაგედია დატრიალდა. უბედური შემთხვევის გამო, ბუნებრივი აირის გაჟონვით ეს ბედნიერი ოჯახი ამოწყდა. გია 43 წლის იყო, ქეთი – 33 წლის.
ისინი რუსთავში, დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში ცხოვრობდნენ. სხვენში პატარა ფართი იყიდეს და საცხოვრებლად გადააკეთეს. ორი ოთახი ჰქონდათ – საძინებელი და სამზარეულო, სადაც გაზის და წყლის გამათბობელი იყო დამონტაჟებული. როგორც გაბელაიების მეზობლები აცხადებენ, როცა სახელმწიფომ მათ ფართი გადასცა, გაზის გამათბობელი დამონტაჟებული დახვდათ. წყლის გამათბობელი კი გიას დაყენებული იყო.
გია გაბელაიას ასაკოვანი მშობლები მათ პირდაპირ, მეზობლად ცხოვრობდნენ. უბედურების შემსწრეც პირველად სწორედ ისინი გახდნენ. შვილიშვილების სანახავად მისულ ბებია–ბაბუას კარი რომ არავინ გაუღო და ვერც ხმა გაიგონეს, კარი შეამტვრიეს და... გარდა პატარა ბიჭისა, სიცოცხლის ნიშანწყალი არც ერთს ეტყობოდა. ბავშვი მაშინვე კლინიკაში წაიყვანეს, მაგრამ, სამწუხაროდ, უკვე გვიანი იყო, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
იმ უბედურების გადმოცემა, რაც ცოლ–ქმრის მშობლების და მათი დედმამიშვილების თავს ტრიალებს, შეუძლებელია – ერთ ოჯახში 4 მიცვალებული, პატარები ერთად, ერთ ჩასასვენებელში, მშობლები – ცალ–ცალკე...
გაბელაიების მეზობელი:
– ეს ოჯახი აფხაზეთიდან, სოხუმიდან იყო. ახალგაზრდა წყვილი შვილებთან ერთად ცალკე ცხოვრობდა, ბიჭის მშობლები კი – მოპირდაპირე მხარეს. დილით ხმაური გავიგონე, ვიღაცა კარს რაღაცას ურტყამდა. ზემოთ ავედი. გიას კარი გავტეხეთ და... ქალი გულაღმა იწვა საწოლზე, ბავშვები კი გვერდით ეწვინა. გია აბაზანაში ყოფილა შესული, იქ წაქცეულა და იქ ნახეს. უფროსი ბიჭი თბილი იყო. ქალებმა პირი გაუღეს, სული უბერეს, გულზე მასაჟი უკეთეს, სასწრაფოს მოსვლას არ დაველოდეთ, მანქანით გავაქანეთ კლინიკაში, მაგრამ უკვე გვიანი იყო.
– რას ამბობენ, საიდან გაჟონა გაზმა?
– არ ვიცი. ამ კაცის აწყობილი, გაკეთებული იყო ყველაფერი. გაზით წყლის გამაცხელებელი ეყენა და იქიდან გაჟონა გაზმა თუ რა მოხდა, არ ვიცი.
– რას საქმიანობდა ოჯახის უფროსი?
– ხელოსანი იყო, მისი ხელიდან რა აღარ გამოდიოდა. თუკი რამე სამუშაოს იშოვიდა, ყველგან მიდიოდა. ცოლი კი ბავშვებს ზრდიდა. მათ პატარა გოგონას 9 თვე ახლა შეუსრულდებოდა. ბავშვები კი არა, ანგელოზები ჰყავდათ!
ამ საშინელი ამბის თვითმხილველი გაბელაიების მეორე მეზობელიც გახდა. იმ კოშმარულ დილას ასე იხსენებს:
– ქეთი ლოგინზე იყო გადაწოლილი, ბავშვებიც გვერდით ეწვინა. პირველად ბავშვებს ვტაცეთ ხელი. ბიჭი თბილი იყო, ვუყვიროდი, ნიკა, ნიკა–მეთქი. სული ჩავუბერეთ, მაგრამ... ექიმს უთქვამს, ნახევარი საათით ადრე რომ მიგესწროთ, გადარჩებოდაო.
– როდის მოიკითხეს მშობლებმა ისინი?
– მგონი, დილის 8 საათი იქნებოდა, როცა მათი ძებნა დაიწყეს. ცოლ–ქმარს ბავშვები გარეთ ადრიანად გაჰყავდათ ხოლმე სასეირნოდ. ამიტომ გარეთ გავვარდი და იქ ვეძებდი. გარეთ რომ ვერ ვნახე, კარზე დავუწყეთ კაკუნი. გიას მამამ ხელსაწყოები ამოიტანა, რომ კარი გაეტეხათ... ალბათ სანამ ქმარი აბაზანაში იყო, ცოლმა ორივე ბავშვს მიხედა, აჭამა, დააძინა, თვითონაც მიეძინა და ასე ძილში გაიგუდნენ.
ამ ოჯახს შვილი დიდხანს არ ჰყავდა. უფროსი ბიჭი გაბელაიებისთვის პირველი შვილიშვილი იყო, შემდეგ გოგოც გაჩნდა. გიას მშობლები 77 წლისანი არიან. ნიკა მათთვის პირველი შვილიშვილი იყო.
– როცა სახლში შეხვედით, ფანჯარა ღია არ იყო?
– არა და გამათბობელიც ჩართული იყო. ამ სახლში 3 წლის წინ გადმოვედით ყველანი. მთავრობამ პატარა გამათბობლები დამონტაჟებული დაგვახვედრა, მხოლოდ წყლის გამათბობელი იყო გიას გაკეთებული. გოგოს ცალი ფეხი ლოგინში ჰქონდა, ცალი კი ქვემოთ, ჩუსტში. როგორც ჩანს, წამოდგომა უნდოდა და ისევ ლოგინზე დავარდა.
– გამათბობელს ღამე ჩართულს ტოვებდნენ?
– არა და დედამთილი ტიროდა, შვილო, ქეთი, ჩართული რატომ დატოვეო. იდეალური, მეოჯახე, სუფთა გოგო იყო, სახლში ყველაფერი ბრწყინავდა სისუფთავით. ვაიმე, როგორი კარგი ცოლ–ქმარი იყვნენ!.. ამ უბედურების ენით გადმოცემა შეუძლებელია.
– ოჯახი სხვენში რატომ ცხოვრობდა?
– თავიდან ბინა მე–2 სართულზე იყიდეს, მაგრამ იპოთეკით ჰქონდათ დატვირთული, შემდეგ დააგირავეს, ის ფული გადაიხადეს და ფართი სხვენზე იაფად იყიდეს. ყველაფერი საკუთარი ხელით გააკეთეს. პატარა სახლი ჰქონდათ, სამზარეულო და საძინებელი. კეთილი ოჯახი იყო. შუაღამისას რომ მიგეკაკუნებინათ კარზე, გია მაშინვე გამოიქცეოდა, მოგეხმარებოდა.

...
"სოკარ გაზის" წარმომადგენლის, ვაჟა ხეცურიანის, განმარტებით, ოჯახის საცხოვრებელ მცირე ფართში, სადაც ტრაგედია მოხდა, ერთდროულად იყო დამონტაჟებული გაზის გამათბობელი, ასევე გაზქურა და წყლის გამათბობელი, ხოლო სავენტილაციო მილი სახურავზე პოლიეთილენის პარკით იყო დახშული.
საქმის ძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 240–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესების დარღევვას ნიშნავს. ჩატარდა ექსპერტიზა, რომელიც ტრაგედიის გამომწვევ ზუსტ მიზეზებს დაადგენს.



წყარო http://sana.ge/




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42