10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ დაწყებულ შსს-ს სოციალურ კამპანიას - „არა ძალადობას!“ სტუდენტები ქუჩის აქციებით შეუერთდებიან. ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით განხორციელდება.
ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ქუჩის აქციები თბილისსა და რეგიონებში დილის 11 საათზე ერთდროულად დაიწყება და 12:30 საათზე დასრულდება. თბილისში ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მსვლელობას გამართავენ თსუ-ს პირველი კორპუსიდან „რუსთაველი“-ს მეტრომდე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები - მე-6 კორპუსიდან სპორტის სასახლემდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები - ჭავჭავაძის გამზირზე, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები კი - ვაჟა-ფშაველას გამზირზე.
ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ქუჩის აქციებს სტუდენტები რეგიონებშიც შეუერთდებიან. ახალგაზრდები მსვლელობებს გორში (უნივერსიტეტიდან ბაზრამდე), თელავში (უნივერსიტეტიდან ცენტრალურ მოედნამდე), ქუთაისში (უნივერსიტეტიდან ცენტრალურ მოედნამდე), ზუგდიდში (უნივერსიტეტიდან ცენტრალურ მოედნამდე), ბათუმში (უნივერსიტეტიდან ბულვარამდე), მარნეულსა (ქალაქის ცენტრიდან ბაზრამდე) და ახალციხეში (უნივერსიტეტიდან ცენტრალურ მოედნამდე) გამართავენ.
მასალის გამოყენების პირობები






