ერთი უარს ელექტრო სავარძელზე უგზავნის, მეორე სარეაბილიტაციო კურსის დაფინანსებაზე. ორივეგან მითითებულია, რომ არასაკმარისი თანხების გამო.
უარი იმ დაპირებულ დახმარებაზე მიუვიდათ, რომელიც თამუნას დედას ოზურგეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა და პარლამენტის სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მისცეს.
საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, პრემიერის მრჩეველი დემოგრაფიულ საკითხებში დიმიტრი ხუნდაძე ოზურგეთს ნოემბრის თვის მიწურულს სტუმრობდა. შეხვედრის მიზანი კი საქართველოში არსებული დემოგრაფიული პრობლემების, ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროში განხორციელებული წარმატებული პროექტების და „სოლიდარობის ფონდის“ პრიორიტეტების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება იყო.
იმ დღეს ოზურგეთის დრამატულ თეატრში შეხვედრას თამუნა შავაძის დედაც ესწრებოდა, რომლის მთავარი სათხოვარი კომიტეტის თავმჯდომარესთან სავარძელს მიჯაჭვული შვილისთვის სარეაბილიტაციო კურსის ჩატარებისთვის საჭირო თანხის მოძიებაში დახმარების თხოვნა იყო, რაც თამუნას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და დაწყებული პროგრესის ხელშეწყობისთვის უმთავრესია და რაზედაც მათ მიერ სამინისტროში გაგზავნილ უკვე მერამდენე წერილზე დაშტამპული პასუხები უბრუნდებათ: ,,თანხის უქონლობის გამო, ვერ ხერხდება თქვენი განცხადების დაკმაყოფილება".
იმ დღეს ბატონმა დიმიტრიმ და ოზურგეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ მერი შავაძეს პირობა იმაზე, რომ მინისტრს უშუალოდ შეხვდებოდნენ და დაეხმარებოდნენ პირადად მისცეს. განცხადებაც დააწერინეს და სამინისტროში გადაგზავნა სთხოვეს. შუამდგომლობა კი თავის თავზე იტვირთეს. 10 დღის შემდეგ დეპუტატისგან პასუხი მიიღო, რომ მინისტრთან შეხვედრა ქუთაისში შედგა და სავარაუდოდ მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდებოდა.
ერთადერთი, ვინც თამუნასთვის მიცემული დაპირება შეასრულა, როგორც მერი შავაძე გვეუბნება გურიის უკვე ყოფილი გუბერნატორი გიორგი ჩხაიძეა, რომელმაც გუშინ თამუნას საჩუქრად ლეპტოპი გაუგზავნა: ,,მართალი გითხრათ, არც ველოდებოდი, რადგან დაპირებებს მიჩვეული ვარ. მაშინდელი გუბერნატორი, ჩიტაიშვილიც მპირდებოდა, რომ ლეპტოპს საჩუქრად გამომიგზავნიდა, თუმცა, მერე არც გახსენებია. მადლობის მეტი რა მეთქმის. სიკეთეს არ დაუკარგავს ღმერთი"- გვეუბნება თამუნა.
თამუნა შავაძე 2006 წელს ოჯახში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შედეგად სავარძელს არის მიჯაჭვული. თავიდან სრულად პარალიზებული იყო, რამდენიმე კურსის გავლის შემდეგ მისი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობსდა. მეტი პროგრესისთვის ექიმებმა 5 ათას ლარად ღირებული კიდევ ერთი ოპერაცია ურჩიეს, ღეროვანი უჯრედის გადანერგვა. რისი თანხის მოძიებაც დღემდე ვერ ხერხდება. ჯანდაცვის სამინისტროდან ოჯახმა ბოლო 2 წელიწადში 6 უარის წერილი მიიღო.
წყარო: ,,გურიის მოამბე“
მასალის გამოყენების პირობები






