„ამ ინიციატივამ გაამართლა, ძალიან საინტერესო განხილვა იყო. მე პირადად რამდენიმე პროექტი მომეწონა, თუმცა კომისია ხმათა უმრავლესობით მიიღებს გადაწყვეტილებას. ამის შემდეგ ტენდერი დეტალურ პროექტირებაზე გამოცხადდება. მე ვფიქრობ, რომ საბოლოო პროექტი გაზაფხულზე გვექნება და დავიწყებთ სამშენებლო სამშაოებს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
გამარჯვებულის გამოსავლენად საკონკურსო კომისია წარმოდგენილ კონცეფციებს კონკურსის დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს. საკონკურსო წინადადებები, რომლებიც არ პასუხობს შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის პირობებით გათვალისწინებულ წესებს და არ არის დათქმულ ვადაში წარმოდგენილი, არ განიხილება.
კომისია უფლებამოსილია, შეარჩიოს სამი საუკეთესო კონცეფცია. წახალისების მიზნით, პირველ საპრიზო ადგილზე გასული პროექტის ავტორი 7000 ლარით, მეორე ადგილზე გასული - 2000 ლარით, ხოლო მესამე ადგილზე გასული 1000 ლარით დაჯილდოვდება. თუმცა, განხორციელდება პირველ ადგილზე გასული პროექტი.
პუშკინის ქუჩაზე, ორმხრივი სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენის კონცეფციის შექმნაზე თბილისის მერიის სსიპ „თბილისის არქიტექტურის სამსახურმა“ კონკურსი მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობის უფლება ჰქონდა ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, გარდა შემსყიდველი ორგანიზაციის თანამშრომლების და აღნიშნული კონკურსის ორგანიზებაში ჩართული პირებისა.
კონკურსის მიზანი იყო პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენა და საპროექტო ტერიტორიის დაცვა-განვითარებაზე ორიენტირებული არქიტექტურულ-ქალაქგეგმარებითი კონცეფციის შემუშავება, რაც შემდგომში საფუძვლად დაედება შესაბამისი მშენებლობის პროექტის დამუშავება.
საკონკურსო განაცხადი, თანდართული დოკუმენტაციით, განთავსდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.procurement.gov.ge, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ - ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის www.tas.ge და საქართველოს არქიტექტორთა კავშირის www.archunion.ge. ვებ-გვერდებზე.
მასალის გამოყენების პირობები






