„ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი რომ სერიოზული ადამიანები, თანამდებობის პირები ასეთ უპასიხსმგებლო საქციელს ჩაიდენდნენ!
ვერ წარმოვიდგენდი რომ მოცემულ შეთანხმებას დაარღვევდნენ , უტიფრად შემოგხედავდნენ და სიტყვას გატეხდნენ!
აქამდე ასეთებს არ შევხვედრილვარ“! - წერს მოზარდმაყურებელთა თეატრის პიარი თათია პაქსაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
როგორც მან „ნიუპოსტთან“ საუბრისას აღნიშნა ასე ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელმძღვანელობის უპასუხისმგებლობამ გაანაწყენა.
პროექტი „გამოდი! ძალა არა ძალადობაშია“! რომლის ავტორიც თავადვე გახლავთ, შეთანხმების საფუძველზე სწორედ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში უნდა გამართულიყო. მაგრამ გამოფენამ საგამოფენო დარბაზიდან მოზარდმაყურებელთა თეატრის ფოიეში გადაინაცვლა.
თათია პაქსაშვილი ამ თემასთან დაკავშირებით „ნიუპოსტთან“ ვრცელ კომენტარს აკეთებს.
თათია პაქსაშვილი:„ადგილი აქვს ფაქტს, რომელსაც ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავუშვებდით და წარმოვიდგენდით! საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მესვეურებმა ჩვენთან დადებული სიტყვიერი პირობა და შეთანხმება დაარღვიეს. ჩვენთვის განკუთვნილ დარბაზში შეუშვეს სხვები და გამოფენის გახსნამდე თხი დღით ადრე დაგვაყენეს ფაქტის წინაშე.
არადა, დაახლოებით ერთი თვის წინ, როდესაც ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში, კონკრეტული საგამოფენო დარბაზის თხოვნით მივედი და ფოლკლორის ცენტრის ხელმძღვანელს გიორგი დონაძეს შევხვდი, მითხრა: ჩვენ გვაქვს კალიგრაფისტთა გამოფენა, მაგრამ გადავდებთ და დარბაზს თქვენ დაგითმობთო. ბუნებრივია როდესაც ხელმძღვანელი პირი ამ პირობას გაძლევს პასუხისმგებლობასაც იღებს.
გუშინ კი ფაქტის წინაშე დავდექით. კურატორი დაგვიკავშირდა და განგვიცხადა - მე დარბაზს თოჯინებს ამდენი ხნით ვერ დავუთმობ, (საწყენია, რომ მოზარდმაყურებელთა თეატრსა და თოჯინების თეატრს ერთმანეთისგან ვერ ანსხვავებს) იქნებ დრო გადმოწიოთო. დროს ვერ გადმოვწევდით, რადგან პრესაში, რადიოსა და ტელევიზიებში გამოფენა 7 საათზე დაანონსდა.
ფოლკლორის ცენტრი ხელმძღვანელმა კი განგვიცხადა - რა პრობლემაა, ხომ მოლბერტებზე გინდოდათ გამოფენის განთავსება, აი საგამოფენო სივრცე და განათავსეთ მოლბერტებზე.
როგორც მერე გაირკვა დარბაზი კალიგრაფისტებს დაუთმეს. ჩვენ კი, კალიგრაფისტთა წინ უნდა დაგვედო მოლბერტები. ანუ უნდა ყოფილიყო გამოფენა გამოფენაში. ეს იყო საკმაოდ აბსურდული შემოთავაზება რადგან ორივე გამოფენა იყო განსხვავებული თემატიკის.
ბოლოს ასეთი პასუხი მივიღეთ - თქვენ ხომ კედლები არ გითხოვიათ? ეს კი აბსურდის თეატრს ემსგავსება უკვე... კედლები, იატაკი და ჭერი უნდა დააკონკრეტო, როდესაც საგამოფენო დარბაზთან მოლაპარაკებაზე მიდიხარ?...
ამიტომაც ფოტო-გამოფენა-აქცია " გამოდი! ძალა არა ძალადობაშია! ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზის ნაცვლად, მოზარდმაყურებელთა თეატრის ფოიეში გაიმართება.
ასე რომ 8 დეკემბერს 19 საათზე ყველას გელოდებით.
გავერთიანდეთ ძალადობის წინააღმდეგ“!
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ძალადობის თემაზე გადაღებული 20-მდე, შავ-თეთრი ფოტო. სპეციალურად გამოფენისთვის დამზადებული ვიდეო-ინსტალაცია და აუდიო ჩანაწერები ორიგინალური ფორმით მიეწოდება დამთვალიერებელს.
მოზარდმაყურებელთა თეატრის პროექტში მონაწილეობს 26 მსახიობი, მათ შორის საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეები: ვახტანგ ჩაჩანიძე, კოტე თოლორდავა, მაია ხორნაული, პავლე ნოზაძე, თამარ ტყემალაძე, ბერტა ხაფავა და სხვა. საგულისხმოა რომ აღნიშნულმა პროექტმა მოზარდმაყურებელთა თეატრის სხვა და სხვა თაობის არტისტები გააერთიანა.
პროექტის ავტორი - თათია პაქსაშვილი,
სცენარის ავტორი- რეჟისორი გოგა ქაჩიბაია,
ფოტო- ირაკლი გედენიძე.
მასალის გამოყენების პირობები






